
რომეო მიქაუტაძის მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებაა არ ყოფილა. ყველაფერი დეკლარირებულია , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესზე გამოცხადებულმა მოწმეებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ რომეო მიქაუტაძის დავალებით, მის პირად ანგარიშზე სხვადასხვა ოდენობის თანხები შეჰქონდათ, დეკლარირებულია.
"დაცვის მხარე ატარებს რევიზიას, რომელიც უახლოეს დღეებში მხარეებს გადაეცემათ და ვნახავთ, რეალურ სურათს, იყო თუ არა რომეო მიქაუტაძის მხრიდან რაიმე გადაცდენა, ან იყო თუ არა უკანონო ლეგალიზაციის ფაქტი. რომეო მიქაუტაძის მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღება არ ყოფილა. ყველაფერი დეკლარირებულია. ის თანხები, რომლებიც ირიცხებოდა და მოწმეებმაც ბრძანეს, ტექნიკურად არის განხორციელებული, მოუცლელობის გამო სთხოვდა, მისთვის უახლოეს ადამიანებს, თანხის ჩარიცხვას. ყველა თანხას აქვს წარმომავლობის წყარო მითითებული.
წლების განმავლობაში რომეოსი და მისი ოჯახის შემოსავლები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მისი ოჯახის წევრები ბიზნესს აწარმოებდნენ და ჰქონდათ შემოსავლის ერთიანი ყულაბა და იმისთვის, რომ წარმატებულად განეხორციელებინათ ბიზნესი, ერთმანეთთან იყვნენ კომუნიკაციაში. როდესაც, ადამიანი თანამდებობაზე ინიშნება, ის თავის წილებს სხვებზე გაასხვისებს", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
ინფორმაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმეები დაკითხეს.პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი.
0
0