
შვიდწილიანი სასამართლო განხილვის შედეგად, რომელიც 2018 წელს, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ წარმოებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო, 2025 წლის 19 მაისს სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა, მოპასუხეების: თამარ ჩერგოლეიშვილის, იდა ბახტურიძის, ბაბუცა პატარაიას და თამარ ყურაშვილი-სანაიას მხრიდან, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას, რისი უარყოფაც დაევალათ იმავე ფორმითა და შინაარსით, როგორც ეს 2018 წელს გავრცელდა, მათ მიერ.
ზვიად დევდარიანი წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამოქალაქო ორგანიზაციის - "სიდას" დამფუძებელი და დირექტორი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე, ეკომიგრანტების, ყოფილი პატიმრების, ქალების, ემიგრანტების, სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების განვითარებაზე. ზვიად დევდარიანი და მისი ორგანიზაცია მაღალი სანდოობით სარგებლოდნენ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს შორის.
2018 წლის 16 მარტს, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ, დაიწყო ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული კამპანია, რომელსაც წინ უძღვოდა სახალხო დამცველი მიერ, ზვიად დევდარიანის კანდიდატურის დასახალება, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად. რასაც, "ქალთა მოძრაობისა" და აქტივისტების მხრიდან, მოჰყვა ცილისმწამებლურ ინფორმაციაზე დაფუძნებული კამპანიის ორგანიზება.
"ქალთა მოძრაობის" განცხადების საპასუხოდ, ზვიად დედარიანის ყოფილმა კოლეგებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც უარყოფილი იყო ის ფაქტები, რომლის შესახებაც, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია ზვიად დევდარიანის პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით.
სოციალური ქსელით წარმოებულმა ფეისბუქ-სასამართლომ, რომელიც დაფუძნებული იყო ცრუ ინფორმაციაზე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ზვიად დევდარიანი წარმოაჩინა დამნაშავედ, შელახა მისი პატივი და ღირსება, გაანადგურა მისი საქმიანი რეპუტაცია. ზვიად დევდარიანი იძულებული გახდა მოეხსნა კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლობის საბჭოს წევრობიდან, დაეტოვებინა არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა, რომელმაც, ამის შემდეგ, მალევე შეწყვიტა არსებობა. რაც, ასევე წარმოადგენდა ამ კამპანიის ერთ-ერთ მიზანს.
ერთადერთი გზა, რომელსაც ზვიად დევდარიანმა მიმართა საკუთარი დარღვეული უფლებების დაცვის მიზნით იყო სასამართლო, სადაც საქმის განხილვა მიმდინარეობდა 7 წელი. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილის მიერ, 2025 წლის 19 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგინდა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა, იდა ბახტურიძემ, ბაბუცა პატარაიამ და თამარ ყურაშვილი-სანაიამ, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაცია:
თამარ ჩერგოლეიშვილს დაევალა ზვიად დევდარიანის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების - „დევდარიანი ქალებს ავიწროვებს“ - უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე;
იდა ბახტურიძეს დაევალა ზვიად დევდარიანის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების - „ზვიად დევდარიანი ქალებს ავიწროვებდა“ - უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, ტვ „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“;
ბაბუცა პატარაიას დაევალა ზვიად დევდარიანის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების - I - „ზვიად დევდარიანი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურებრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე“; II - „ზვიად დევდარიანი არის მოძალადე“ - უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და ინტერნეტ-ჟურნალ „ტაბულაში“;
თამარ ყურაშვილი-სანაიას დაევალა ზვიად დევდარიანის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების - „ზვიად დევდარიანი არის მოძალადე კაცი“ - უარყოფასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და იმავე საშუალებით, როგორც გაავრცელა იგი, კერძოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
მოსამართლემ, განსახილველი საქმის ფარგლებში, ასევე შეაფასა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ, 2018 წლის 01 ნოემბრის გამოცემული რეკომენდაცია და მიიჩნია, რომ მტკიცებულებები, რომელიც სახალხო დამცველმა საფუძვლად დაუდო გაცემულ რეკომენდაციას, არ ადასტურებს მოპასუხეთა საჯარო, სადავო განცხადებების ნამდვილობას. კერძოდ, გაცემული რეკომენდაციით დადგენილი სექსუალური შევიწროვების ფაქტი უპირობოდ და უდავოდ არ წარმოშობს ამ ფაქტის სისწორის პრეზუმფციას, ხოლო სხვა სახის რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად ჩაიდინა ის ქმედებები, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხეთა მხრიდან ვრცელდება სადავო განცხადებები, საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ „მოპასუხეთა მიერ გავრცელებული განცხადებები ვერ მიიჩნევა მათ მოსაზრებად, მსჯელობად ან მოსარჩელის პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულების გამოხატულებად, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ფაქტები შეიცავს დადასტურებად ფაქტს და ამ განცხადებების შინაარსის შეუსაბამობის გარკვევა/შემოწმება გამავრცელებლების მიერ შესაძლებელი იყო, რაც მათ არ განახორციელეს. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ მოხდა მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების გავრცელება“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის პრეცედენტული და ხაზს უსმევს, საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით პოლიტიკაში ჩართული პირების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და საჯარო პირების ვალდებულებას, დაიცვან კონსტიტუციით გარანტირებული პატივისა და ღირსების უფლება. არ მოახდინონ ცრუ ინფორმაციის გავრცელება და აიღონ პასუხისმგებლობა გავრცელებული ინფორმაციის სისწორეზე. მკვეთრად გამიჯნონ აზრი და ფაქტი ერთმანეთისგან და არ მოახდინონ სხვისი პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელება ისე, რომ ფაქტის მტკიცება შეინიღბოს აზრის გამოხატვის უფლებით.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გრძელდება სამართლებრივი პროცედურები ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
ჩვენ, დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით და ამ წლების განმავლობაში, აუცილებლობის გარეშე, არ მოგვიხდენია მედიით თუ სოციალური ქსელით საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და დაადგინა, რომ მოპასუხეები ავრცელებდნენ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ფარგლებში, ჩვენ, ამჯერადაც, პასუხისმგებლობით ვუდგებოდით გაშუქების საკითხს და არ მოგვიხდენია ამ გადაწყვეტილების ფორსირებული გაშუქება. თუმცა, მოპასუხეები, მათი უფლებადამცველები და მათთან დაკავშირებული მედიის წარმომადგენლები, სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მოსმენის შემდეგ, ამჯერადაც, შეეცადნენ გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტირებას და საზოგადოების კვლავ შეცდომაში შეყვანას. რის გამოც, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე დავასთან მიმართებაში, რადგან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დიდია საზოგადოების ინტერესი.
0
0