
ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გაზრდა იგეგმება და ნაცვლად 4 წლისა, 6 წელი გახდება.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა. ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე ავტორიზებულ ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზეც გავრცელდება.
კანონის პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოამზადა.
როგორც უწყება განმარტავს, ავტორიზაციის ვადის გაზრდა ამცირებს როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ისე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციულ დატვირთვას. მისივე შეფასებით, 6-წლიანი ციკლი დაწესებულებებს სტაბილურობას და პროგნოზირებადობას აძლევს, რაც მათ საშუალებას მისცემს ყურადღება გრძელვადიან განვითარებაზე გაამახვილონ.
სამინისტროს განმარტებითვე, ვადის ცვლილება ცენტრს შესაძლებლობას აძლევს, რომ რესურსების მობილიზაცია და კონცენტრაცია რეფორმის ფარგლებში დასახულ მიზანზე მოახდინოს, რათა საქართველოში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაცია განხორციელდეს.
„მიმდინარე ეტაპზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმა ხორციელდება, რომლის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ავტორიზაციის პროცესს გაივლის. მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაციის პროცესში საკანონმდებლო ბაზა იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ შესაბამისობაში იყოს რეფორმის მიზნებთან და ამოცანებთან.
გარდამავალ პერიოდში - 2029 წლის ბოლომდე 2 050 ადრეული აღზრდისა და განათლების და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაცია უნდა განხორციელდეს. 4-წლიანი ვადის და ამ საფეხურის დაწესებულებების იურიდიული მოწყობის სპეციფიკის გათვალისწინებით, წინასწარი დაგეგმვით, თითოეულ წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 400 ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უწევს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული”, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
0
0