
ევროპარლამენტი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს მიღებული რეზოლუციის შესახებ პრესრელიზს ავრცელებს.
ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი გმობს დემოკრატიულ უკუსვლას და რეპრესიებს საქართველოში.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები მკაფიო გარდამტეხი მომენტია ავტორიტარული მთავრობისკენ, ხოლო საქართველოს მთავრობის დღევანდელი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას.
ამასთან, ევროპარლამენტი აცხადებს, რომ არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობას.
„ათწლეულების დემოკრატიული პროგრესის შემდეგ, ევროპარლამენტარები ახლა მიიჩნევენ, რომ საქართველო არის სახელმწიფოს მიტაცების მსხვერპლი და იმეორებენ მოწოდებას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ“, – ნათქვამია პრესრელიზში.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 9 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელსაც მხარი დაუჭირა 490 ევროდეპუტატმა, 147 წინააღმდეგი იყო, ხოლო 49-მა თავი შეიკავა.
„რეზოლუციაში ევროპარლამენტი აცხადებს, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის კანდიდატ საქართველოში იყო მკაფიო გარდამტეხი მომენტი ავტორიტარული მთავრობისკენ. ამ ხარვეზიანმა არჩევნებმა, როგორც ამბობენ, გზა გაუხსნა მმართველ „ქართული ოცნების“ პარტიას, უკანონოდ მიეტაცებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხსნა დემოკრატიული დამცავი მექანიზმები, წინ წაეწია რეპრესიული კანონმდებლობა, აგრეთვე ეწარმოებინა პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების რეპრესიები“, – ნათქვამია პრესრელიზში.
პრესრელიზის თანახმად, „იმის გათვალისწინებით, რომ ქართული მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტარები კვლავ გამოდიან მოწოდებით, საქართველოში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო, დამოუკიდებელი შიდა მონიტორინგის ქვეშ“.
„ვიდრე ასეთი არჩევნები არ ჩატარდება, პარლამენტი განაგრძობს საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის არაღიარებას, მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ წამყვანი ოფიციალური პირების, ასევე იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
ევროპარლამენტარები ასევე გამოდიან მოწოდებით, დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკის აუდიტი და მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედონ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას.
ევროდეპუტატების განცხადებით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული რეფორმების გეზს.
„ქართული ოცნების“ დემოკრატიული გზისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ დაბრუნების მოწოდებისას, ევროპარლამენტარები კვლავ გამოხატავენ სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ მომავალი მუნიციპალური არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ასახვისთვის, თუ დაპატიმრებული, დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში“, – ნათქვამია პრესრელიზში.
პრესრელიზის მიხედვით, „ევროდეპუტატები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში დღეს არსებული შეზღუდული მედია გარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების მიმართ, რომლებიც მიუთითებენ მათ განზრახვაზე, ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ“.
საქართველოს საკითხზე მომხსენებლის, რასა იუნკევიჩიენეს თქმით, „საქართველოში რაიმე სახის პროგრესის შეფასება ვერ მოხერხდა, რადგან ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის შთამაგონებელი ლიდერი ქვეყნიდან, საქართველო სასტიკ დიქტატურად იქცა. ამ ანგარიშის კომიტეტში მიღების შემდეგ, ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა: ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი დაკავებულია და ციხეშია. დამოუკიდებელი მედია განადგურების ზღვარზეა. ყველაზე დიდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ემუქრებიან და მკაცრი იურიდიული შეზღუდვები უწესდებათ. საქართველო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება, ქვეყანა მიტაცებული იყოს რუსული ინტერესებით, შიგნიდან, გასროლის გარეშე, მაგრამ ქართველი ხალხი არ ნებდება. ძალადობრივი რეპრესიების მიუხედავად, ისინი განაგრძობენ ყოველდღიურ პროტესტს 200 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, ვიდრე გვიანი არ იქნება. ჩვენ ვალდებული ვართ მამაცი ქართველების წინაშე, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და პროევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
0
0