
ცინიზმის მწვერვალია, რომ დოიაშვილი თავისივე შექმნილი თეატრიდან გაუშვეს - ეს არის იმ რეპრესიის გაგრძელება, რაც ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შესახებ.
მისი თქმით, „ამ დანაშაულში წვლილი შეიტანეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა იმ ხელოვანებმა, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში დუმდნენ“.
„რაც ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელება იმ რეპრესიის, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა. უნდა გვესმოდეს ის ქვეტექსტი, რომ დოიაშვილი გაუშვეს იმ თეატრიდან, რომელიც მან შექმნა, თავისი სახელით, ბრენდით, რეპუტაციით, დასით. მისი შექმნილია ეს თეატრი, ვიღაცის თეატრში კი არ მისულა, მაგალითად, რუსთაველის ან მარჯანიშვილის თეატრში, რომელსაც სხვა ტიპის ისტორია აქვს. თავისივე შექმნილი თეატრიდან გაუშვეს ეს ადამიანი. ცინიზმის მწვერვალია, თუმცა სრულიად გასაგებია, რომ ასეთი ტიპის ხელისუფლება გადადის ყველა ტიპის რეპრესიაზე, რომელმაც შეაშფოთა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი: მანანა ბერიკაშვილი, ქეთი დოლიძე, ავთო ვარსიმაშვილი და სხვები. ვნახეთ მათი განცხადებებიც, რომლებიც თურმე, გაოგნებულები არიან ამ ტიპის გადაწყვეტილებით, თუმცა უნდა გვესმოდეს, ამ დანაშაულში და რეპრესიაში მათი წვლილიც არის, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში დუმდნენ,“ - განაცხადა კუპრაძემ.
მისივე შეფასებით, „ივანიშვილის პარტიამ სტაბილურობა დიდი ხნის წინ დაკარგა და ეს გუნდის შიგნით წმენდაში ჩანს“.
კუპრაძის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს მიმდინარე წელს ჩანიშნავს, თუმცა აქვე აზუსტებს, რომ „როდის ჩაინიშნება ახალი არჩევნები, იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის ძალისხმევა ექნება საზოგადოებას და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს“.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებისთვის. რეგიონებში და თბილისის მასშტაბით, პარტიული დავალება აქვთ, რომ დაიწყონ (და უკვე დაწყებული აქვთ) კომისიის წევრების წარმომადგენლების და ე.წ. გვერდითა დამკვირვებლების გადამზადება. დავალება არის ის, რომ „ჩვენ უნდა მოვემზადოთ ახალი საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებისთვის“. მე ვფიქრობ, რადგან ახლა დაიწყო ამისთვის მზადება, ამ წელს უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ისინი ეცდებიან, რომ დრო გაწელონ და მაქსიმალურად მეტ ხანს შეძლონ დროის გამოყენება და სურვილზე იყვნენ დამოკიდებული, რომ ჩვენ შეიძლება დავიღალოთ, უარი ვთქვათ წინააღმდეგობაზე, რაც თავისი არსით, გამორიცხულია. ამიტომ, რა ტიპის ძალისხმევაც ექნება საზოგადოებას და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ამაზეა დამოკიდებული, როდის ჩაინიშნება ახალი არჩევნები, ამ წელს თუ მომდევნო წლის გაზაფხულზე, ალბათ,“ - განაცხადა კუპრაძემ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გადაწყვეტილი არაა, მიიღებს თუ არა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას „ლელო/ძლიერი საქართველო“, თუმცა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არც უნდა იყოს მიღებული, რადგან „ქართულ ოცნებას“ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ პროპაგანდისთვის, შესაძლებლობა არ მიეცეს.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025