12/10/2023
16:15
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სემეკის 2022 წლის ანგარიშს აცნობს.
ანგარიშის წარდგენისას დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მისი ანგარიში უმეტესად ადამიანის უფლებების მიმართულებებს შეეხება.
მისი თქმით, სემეკი კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი დავების განმხილველი მთავარი სტრუქტურაა. მისი თქმით, სადავო საკითხების განხილვა მოქალაქეებისთვის ბაჟისგან თავისუფალია და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლია მოსახლეობას სემეკისთვის განცხადებით მიმართვა.
ნარმანიას თქმით, 2022 წელს კომისიაში 4128 განაცხადი შევიდა, რომელთა ნაწილი ზედმეტად, ან უსაფუძვლოდ დარიცხულ გადასახადებს ეხება. 1 268 000 ლარზე მეტი ჩამოეწერა მოქალაქეებს, მათ შორის ხანდაზმულობის გამო. ცნობისთვის, სემეკში ხანდაზმულობის ვადა 3 წლით განისაზღვრება.
„სემეკი 2022 წელს აქტიურად მუშაობდა ელექტრონული სერვისების აწყობაზე. ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად იუსტიციის სახლებში მომხმარებელს 15–ზე მეტი სერვისის გამარტივებულად მიღება შეუძლია სემეკისგან. მარტივი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო: თუ ადრე მოქალაქე ბინას ან სხვა უძრავ ქონებას ყიდდა ან აქირავებდა, ახალ მცხოვრებს კომპანიებში ცალ-ცალკე მისვლა უწევდა კომუნალური სერვისები, ანუ აბონენტი გადმოეფორმებინა. ეს ყველაფერი მიება იუსტიციის სახლს და ოპერატორები, რომლებიც უძრავი ქონების რეგისტრაციას ახორციელებენ ახალ მეპატრონეზე, ავტომატურად თავის ბაზაში ხედავენ სამივე კომუნალური სერვისის მონაცემებს და, შესაბამისად, ადგილზევე ხდება კომუნალური სერვისების გადაფორმება. შესაბამისად, მომხმარებელს აღარ უწევს ცალ-ცალკე კომუნალურ კომპანიებში მისვლა“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, თუ მოქალაქე იმყოფება იუსტიციის სახლში, ან იუსტიციის სახლის ელექტრონული სერვისებით სარგებლობს, მას შეუძლია ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად. მაგალითად, ცნობა არსებული დავალიანების შესახებ და სხვა ინფორმაცია.
სემეკი შეიქნა 1997 წელს. არეგულირებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებს. რეგულირების ფარგლებში განსაზღვრავს სატარიფო პოლიტიკას, იცავს მომხმარებელთა უფლებებს.
0
0