15/11/2023
16:18
მსოფლიო
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა, ადამმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო - I ხარისხის ორდენი "ისლამის რელიგიის მსახურებისთვის". ეს ადამ კადიროვის მეშვიდე ჯილდოა ბოლო თვენახევრის განმავლობაში.
ბრძანება წარადგინა ჩეჩნეთის მუფტმა, სალახ მეჟიევმა, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ყველა მუფტისა და "სხვა ქვეყნების გამოჩენილი რელიგიური მოღვაწეების" თანდასწრებით, - განაცხადა ჩეჩნეთის პრესის მინისტრმა, ახმედ დუდაევმა. დაჯილდოების ცერემონია სულიერ და მორალურ ფასეულობების კონფერენციაზე გაიმართა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 15 წლის ადამ კადიროვმა „მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ისლამის განმტკიცებასა და მისი ღირებულებების დაცვაში“. დუდაევმა არ დააკონკრეტა, რა იყო მოზარდის დამსახურება.
გასული თვენახევრის განმავლობაში ადამ კადიროვმა მიიღო ჩეჩნეთის გმირის წოდება, რესპუბლიკის მეთაურის უსაფრთხოების განყოფილების უფროსის თანამდებობა, უმაღლესი ორდენები თათარსტანში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ჩეჩნური ორდენი "Daimekhkan Siy" ("ერის სიამაყე") და რელიგიური ორდენი "Ummah-ის მომსახურებისთვის".
0
0