28/04/2023
17:51
პოლიტიკა
ბელორუსის მოქალაქე, აჭარაში ბელორუსული დიასპორის დამფუძნებელი, ევგენი გაცაკი თურქეთიდან საქართველოში არ შემოუშვეს.
გაცაკმა ტელეგრამის ერთ-ერთ არხს განუცხადა, რომ საქართველოში ორი წელი ცხოვრობდა. ის თურქეთში მხოლოდ ერთი დღით გაემგზავრა, საქართველოში ყოფნის პერიოდის ანულირებისთვის, მაგრამ უკან დაბრუნებისას მას "სხვა მიზეზების გამო" უარი ეთქვა.
მოგვიანებით მან ქვეყანაში ხელახლა შესვლა სცადა, კიდევ ერთხელ მიიღო უარი და საერთაშორისო დაცვა მოითხოვა.
მისი თქმით, სიტყვიერად აცნობეს, რომ მისი განცხადება "განხილვის პროცესში იყო". გაცაკმა რამდენიმე საათი გაატარა სასაზღვრო კონტროლის მაგიდასთან, რის შემდეგაც მას კვლავ გადასცეს დოკუმენტი, რომლითაც უარი ეთქვა შესვლაზე „სხვა მიზეზების გამო“ და გააძევეს თურქეთში.
ალექსეი ბალაშოვი, ბელორუსული დიასპორის ხელმძღვანელი აჭარაში, ვარაუდობს, რომ გაცაკის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 1951 წლის ლტოლვილთა კონვენციის დარღვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაცაკის საკითხს ახლა უფლებადამცველები აგვარებენ. ბელორუსის ოპოზიციის ლიდერის სვიატლანა ტიხანოვსკაიას ოფისი "საქმის კურსშია".
ევგენი გაცაკი იყო დამკვირვებელი ბელორუსის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რის შემდეგაც ქვეყანაში ოპოზიციის საპროტესტო აქციები გაიმართა და ხელისუფლების მხრიდან მასობრივი რეპრესიები დაიწყო.
0
0