30/09/2023
09:43
ტურიზმი
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში, ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება გაიმართა. მათივე ცნობით, ბათუმმა „World Travel Awards''-ის ევროპის გალა ცერემონიას უმასპინძლა.
„აჭარამ დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ბათუმმა კი, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შეინარჩუნა.
ბათუმი, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, ტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „World Travel Awards“-ის მფლობელი შარშან მეორედ გახდა, პირველად ტურისტული „ოსკარი" ამ საკურორტო ქალაქმა 2019 წელს მოიპოვა.
„World Travel Awards“-ის გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრებიან. მათ შორის არიან Euronews, Wanderlust, Emerging Europe და EarthPix.
„World Travel Awards“-ის ნომინაციებში წელს ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იყო წარდგენილი. დღევანდელ დაჯილდოებაზე ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში გაიმარჯვა.
„World Travel Awards'“-ის ღონისძიება 30 წელია ტარდება. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0