
აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.
რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობს, დღესაც მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
23 იანვარს დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მხარეებმა „რუსული ომის დასრულების პარამეტრები“ განიხილეს.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ გუშინდელი მოლაპარაკებების მთავარი თემა ბუფერული ზონები და კონტროლის მექანიზმები იყო.
აბუ დაბიში დელეგაციის წევრებს შორის იმყოფებიან აშშ-ის მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი. უკრაინული დელეგაციის წევრები არიან: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ასევე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და მისი მოადგილე სერგეი კისლიცა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელი ანდრეი გნატოვი. რაც შეეხება რუსულ მხარეს, დელეგაციას ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი, შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.
0
0