
მოსკოვში ერევნის განცხადებებს აბსურდად მიიჩნევენ, რომლის თანახმადაც სომხეთში რუსეთის ყოფნამ შესაძლოა, ერევანს საფრთხე შეუქმნას. ამის შესახებ რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს მუშაობას ლაჩინის დერეფნის სრულ განბლოკვაზე - აუცილებელია ყველა მხარისთვის მისაღები გამოსავლის პოვნა.
მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს პოპულიზმით დაკავდეს, არამედ აპირებს არსებით მუშაობას ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების მოსაგვარებლად.
„ამ წუთებში დერეფნის გასწვრივ გადის ჰუმანიტარული დახმარების კოლონები. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუღებლად მიგვაჩნია საჯარო თავდასხმები და პროვოკაცია ჩვენი სამშვიდობოების წინააღმდეგ, ისინი არიან ამ რეგიონში მშვიდობის გარანტი. ამგვარმა ქმედებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სომხეთ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის პროცესს“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
„ჩვენ მზად ვართ ყოველმხრივ გავაძლიეროთ როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ურთიერთქმედება საერთო ინტეგრაციულ ასოციაციებში. ამ ფონზე აბსურდულია ერევნის განცხადებები, რომ „რუსეთის ყოფნა გარკვეულ საფრთხეებს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას“.
ათწლეულების მანძილზე ჩვენ სამხედროებსა და მესაზღვრეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, იცავენ მის საზღვრებს. ეს არის ობიექტური რეალობა, რომლის უარყოფა შეუძლებელია. უფრო მეტიც, ადრე სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა საჯაროდ აცხადებდა, რომ რუსეთის ყოფნა რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“ - აღნიშნა ზახაროვამ.
0
0