თბილისის საქალაქო სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
22 წლის თედო აბრამოვმა 9 თვე გაატარა ციხეში.
ის 7 დეკემბერს საკუთარ სახლთან დააკავეს. სახელმწიფო ბრალდება თედო აბრამოვს 4,4 გრამი კლუბური ნარკოტიკის, მდმა-ს ფლობას ედავება, რაც, პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის განმარტებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აბრამოვს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. თავის დასკვნით სიტყვაში აბრამოვმა თქვა, რომ ნარკოტიკებთან შეხება არასდროს ჰქონია და მტკიცებულებები გარეშე, თვეების განმავლობაში მოსწყვიტეს საყვარელ ადამიანებს და ციხეში გამოკეტეს.
„ვიზრდებოდი ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან შემაყვარეს ბავშვობაში მშობლებმა. ჩემს სიტუაციაში ისჯებოდე იმის გამო, რომ შენი ქვეყანა გიყვარს, სირცხვილია და ლაფის დასხმა, სხვა არაფერი. მე მწამს, ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება. მე, ადამიანი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება თუ არა, რაღაც პერიოდი მაინც ვიყავი დაკავებული სპორტით — თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ კეთილი საქმეებით… შეხება არასოდეს მქონია ნარკოტიკულ ნივთიერებებთან და ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამ ყველაფრის“, — განაცხადა აბრამოვმა.