
თეატრის ბილეთები, რომლებიც მე-19 საუკუნის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის ღამეს გაიყიდა, აუქციონზე 262,500 დოლარად გაიტანეს.
ბილეთები ბოსტონის აუქციონის სახლმა გაყიდა. ისინი დათარიღებულია 1865 წლის 14 აპრილით და მოიცავს ხელნაწერ დეტალებს - პირველი რიგის სავარძლების ნომრებს.
ასევე, კიდევ ერთი გაყიდული ბილეთი ჰარვარდის უნივერსიტეტის კოლექციაში ინახება.
როგორც ცნობილია, მსახიობმა ჯონ უილკს ბუტმა აბრაამ ლინკოლნს ფორდის თეატრში (ვაშინგტონში) ესროლა. საბედისწერო გასროლისამდე, საპრეზიდენტო ლოჟაში მჯდომარე ლინკოლნი, მეუღლესთან ერთად, ლაურა კინის დადგმის „ჩვენი ამერიკელი ბიძაშვილის“ მესამე მოქმედებას უყურებდა.
გასროლის შემდეგ ჯონ უილკს ბუტი სცენაზე გადახტა და უკანა კარიდან გაიქცა. ის ვირჯინიაში 12 დღის შემდეგ იპოვეს და მოკლეს.
ინციდენტის შემდეგ აბრაამ ლინკოლნს ექიმი მკურნალობდა, მაგრამ ის მეორე დილით გარდაიცვალა.
„აუქციონზე გატანილი ბილეთები განკუთვნილი იყო D განყოფილების 41-ე და 42-ე ადგილებისთვის, რომლებიც თეატრის პირველ ზედა რიგში და მეტ-ნაკლებად საპრეზიდენტო ლოჟის პირდაპირ მდებარეობდა. ბილეთის წინა მხარეს დაბეჭდილია წარწერა - "Good this night only", ხოლო ზედა მარჯვენა კუთხეები ამოჭრილია. ჩანს რამდენიმე ნაკეცი, თუმცა ბილეთები ძალიან კარგ მდგომარეობაშია შენარჩუნებული", - განაცხადა აუქციონის სახლმა.
0
0