
პატრიარქის ავტოპორტრეტია წმინდა სამების ტაძარი რამდენიმე ნიშნით. ერთი, რომ ყველამ მოინდომა, საძირკველში ქვები ჩაალაგა და ყველამ თავისი სათხოვარი დადო ღვთის წინაშე. მეორე ის, რომ ამ ტაძრის თაღების ქვეშ როცა პატრიარქი მსახურობდა, იყო ყოველთვის ხალხით სავსე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
მისივე თქმით, პატრიარქის სამების ტაძარი ერთიანი საქართველოს ხატის სიმბოლოა.
„როცა პატრიარქი გადავასვენეთ, იქ უამრავი ხალხი მივიდა სიყვარულის და მადლიერების გამოსახატავად. პატრიარქის ეს ტაძარი ერთიანი საქართველოს ხატის სიმბოლოა.
ყველა ცნობილი მოვლენების ფონზე ბევრი მაყვედრებელი იყო და პატრიარქს განიკითხავდნენ, რომ რა დროს ეკლესიის მშენებლობაა, ხალხს უჭირს, შევიძინოთ კარტოფილი, ან დავეხმაროთ ამ გაჭირვებულ ხალხს და როცა ყველაფერი დალაგდება და მშვიდობა გვექნება ეს ტაძარი მაშინ ავაშენოთ. პატრიარქი როგორც ყოველთვის შემართული ღვთის მუშაკი, მსახურია და მან, არა კაცობრივი განზრახვით, არამედ საღმრთო მინიშნებით და საღმრთო კურთხევის ძალით დაიწყო ამ დიდებული საქმის კეთება. ეს ტაძარი გახდა სამშვენისი პატრიარქის მოღვაწეობისა“, - აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
მიტროპოლიტი იხსენებს პატრიარქის გეგმებს სამების ტაძართან დაკავშირებით.
„ამბობდა, რომ ჩვენი მეფეების ძვალთშესალაგი უნდა იყოს ამ ტაძრის პირველ სართულზე, სადაც არის ხარების სახელობის ტაძარიო. იქ უნდა იყვნენ ჩვენი მეფეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არიან დაკრძალულიო. ასევე უნდა ყოფილიყო პატრიარქების ძვალთშესალაგი. მას ჰქონდა ასეთი სურვილი და შეასრულა კიდეც, მთელი ეზო უნდა იყოს ღია თავისუფალი იქ მომსვლელი ადამიანებისთვისო. ასევე უწმინდესს ჰქონდა იდეა, რომ საპატრიარქო რეზიდენცია უნდა განთავსდეს საპატრიარქო ტაძრის, მონასტრის ტერიტორიაზე, ანუ სამების ტაძრის ეზოშიო.
ამ ტაძრის მშენებლობისას პატრიარქმა მოახერხა და უამრავმა ადამიანმა იქ შეიძინა პროფესია. მაგალითად ქვის მთლელის, ორნამენტის მკეთებლის, ქვაზე კვეთის და ეს ადამიანები დღეს საქართველოში ამ ტაძართმშენებლობის შემსრულებლები არიან. პატრიარქმა ტაძრის მშენებლობით მოახერხა, რომ მოძრაობაში მოეყვანა მიძინებული ეროვნული ნიჭი, გონიერება და ძალა. პატრიარქისთვის ეს არ არის მხოლოდ ნაგებობა, ეს არის ღვთის სახლი. ადარებს ვარდს, მარგალიტს, პატიოსან თვალს და ამბობს: „ადიდე მარტად და იდიდე ყოველთვის“, - განმარტა მიტროპოლიტმა დავითმა.
0
0