
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-მა კუნძულ ხარგზე იერიში არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიიდან, „ჰაიმარსის“ რაკეტების გამოყენებით განახორციელა.
ამის შესახებ აბას არაღჩიმ MS NOW-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი დარტყმა განხორციელდა დუბაის სიახლოვეს მდებარე ლოკაციიდან.
„ძალიან სახიფათოა, რომ ასეთი თავდასხმები ხორციელდება მჭიდროდ დასახლებული ზონებიდან. ჩვენ, ცხადია, პასუხს გავცემთ, თუმცა შევეცდებით ფრთხილად ვიყოთ, რომ მჭიდროდ დასახლებულ ზონებს არ დავარტყათ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამავე ინტერვიუში არაღჩიმ თქვა, რომ ჰორმუზის სრუტე დახურულია მხოლოდ ირანის მტრების გემებისთვის, რომლებიც თავს ესხმიან ირანს და მისი მოკავშირეების ხომალდებს.
„დანარჩენებს თავისუფლად შეუძლიათ სრუტის გავლა. ცხადია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბევრი გემი უარს ამბობს ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებაზე“, – აღნიშნა მან.
არაღჩი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ირანის ახალი ლიდერი დაჭრილია.
„მათ ბევრი მსგავსი განცხადება გააკეთეს. გუშინ ამბობდნენ, რომ ირანის მთავრობის ყველა წევრი ბუნკერშია. მაგრამ ყველამ ნახა ჩვენი პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი და უშიშროების საბჭოს მდივანი, ისინი ქუჩაში იყვნენ დემონსტრანტებთან ერთად. ასე რომ, აშშ-ის მხრიდან ბევრი ბრალდება ისმის. ისინი მალე ნახავენ, რომ ახალი უზენაესი ლიდერის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. მან გუშინ გაავრცელა გზავნილი და აგრძელებს თავისი მოვალეობების შესრულებას“, – განაცხადა არაღჩიმ.
კითხვაზე, აწვდის თუ არა ირანს სადაზვერვო ინფორმაციას რუსეთი ან ჩინეთი, არაღჩიმ განაცხადა, რომ ეს ქვეყნები თეირანის სტრატეგიული პარტნიორები არიან და თანამშრომლობა მოიცავს სამხედრო სფეროსაც.
0
0