
რა ცვლილებები იგეგმება და რას უნდა ელოდოს საზოგადოება ახალი სეზონისგან? ამ საკითხებზე ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა გვესაუბრება.
გიორგი სურმავა
ბრიგადის გენერალი
1993 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში_აფხაზეთში (1992-1993) და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“, ასევე, უწყებრივი მედლებით.
- ბატონო გიორგი, როგორ ემზადება „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ახალი სეზონისთვის? რა მიმართულებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული?
-შეკრებები დაიწყება აპრილის ბოლოს. ახლა მიმდინარეობს ბანაკის მოწესრიგება, ტენდერების გაფორმება (კვებაზე, ბაზის მოვლაზე…), ინსტრუქტორების მომზადება და სხვა მოსამზადებელი ღონისძიებები. ამ წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული დანაყოფების დაკომპლექტებას, რაც საშუალებას მოგვცემს რეგიონებში გვყავდეს სათანადოდ მომზადებული და ორგანიზებული მოხალისეები, რომლებიც საგანგებო თუ საომარი მდგომარეობის დროს ჩაერთვებიან სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ მოქმედებებში. დავიწყებთ სპეციალისტების მომზადებას – დრონების ოპერატორები, საველე მაშველები და სხვა. გარდა ამისა, ჩატარდება შეკრებები, სადაც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები შეისწავლიან, თუ როგორ იმოქმედონ საომარი თუ საგანგებო მდგომარეობების დროს (მაგალითად, ვგეგმავთ სპეციალიზებულ კურსს ჟურნალისტებისთვის).
- წინა სეზონის გამოცდილებიდან გამომდინარე, რა იყო ყველაზე წარმატებული ასპექტი და რა ასპექტების გაუმჯობესებას გეგმავთ?
- წინა წელს გამოცდა იყო ჩვენი კოლექტივის ქმედითუნარიანობის. წარმატებით გავართვით თავი შეკრებების ჩატარების საორგანიზაციო საკითხებს. რაიმე ჩავარდნა არ ყოფილა. ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი დამფუძნებლები. 2025 წელს ვგეგმავთ მოხალისეთა მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც უნდა მოხდეს სასწავლო პროგრამების დახვეწის და მოხალისეთა კონტინგენტის მრავალჯერადი მოზიდვის ხარჯზე.
-როგორია მონაწილეთა დაინტერესება და ჩართულობა? არის თუ არა მოთხოვნა და ინტერესი ახალგაზრდებსა და მოქალაქეებს შორის ახალ სეზონისთვის?
- ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ამ პროექტით. მათ აინტერესებთ შეკრებებზე ერთად ყოფნა, რაღაც ახლის შესწავლა და ა.შ. ჩვენი ამოცანაა მათ გავუჩინოთ სურვილი, რომ სისტემატურად იარონ შეკრებებზე, ჩამოყალიბდნენ ჯგუფებად და იგრძნონ, რომ სამშობლოს ასე უფრო გამოადგებიან გასაჭირის დროს. ვიდრე, ცალ-ცალკე და არაორგანიზებულად. აპრილში დავიწყებთ შეკრებების დაკომპლექტებას და ვფიქრობთ ინტერესი მაღალი იქნება. ჩვენ, ასევე, ვაპირებთ ჩავრთოთ პროექტში ყოფილი სამხედროები, რომლებსაც გავლილი აქვთ ომები და საერთაშორისო მისიები. მათი გამოცდილება დიდი რესურსია და ასევე ორგანიზებულად უნდა იქნას გამოყენებული;
- როგორი ცოდნა და უნარები რჩებათ კურსდამთავრებულებს? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ისინი სწავლობენ კურსის განმავლობაში?
- პირველი შეკრების გავლის შემდეგ მოხალისეები შეიძენენ ელემენტარულ ცოდნას და გამოცდილებას ისეთ საგნებში, როგორიცაა: საცეცხლე მომზადება, სამხედრო-საინჟინრო საქმე, საველე მედიცინა, თვითგადარჩენა, ტოპოგრაფია და ნავიგაცია და ა.შ. შეკრებების კურსის გავლის შემდეგ მათ ექნებათ დაახლოებით ისეთივე მომზადების დონე, როგორც რეზერვისტებს. ჩვენ მათ იგივე პროგრამით ვამზადებთ;
- რას ურჩევდით ახალგაზრდებს, მოქალაქეებს, რომლებიც ფიქრობენ, ჩაერთონ თუ არა ორგანიზაციის საქმიანობაში?
- საქართველოს თავდაცვის ძალების რიცხობრივი შემადგენლობის ზღვარი დამტკიცებულია პარლამენტის მიერ და შეადგენს 38 000-მდე მებრძოლს. რეზერვში გათვალისწინებულია 12 000-მდე მებრძოლი. შსს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტში ხალხის რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია. გამოდის რომ, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში უშუალოდ ჩართულია დაახლოებით 50 000 ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში მონაწილეობა ბევრად მეტს სურს და შეუძლია. ჩვენ მათ შესაძლებლობას ვაძლევთ თავიანთი წვლილი ორგანიზებულად შეიტანონ ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში;
- კიდევ ერთხელ, რომ განვმარტოთ, როგორ შეიძლება რეგისტრაცია და რა ეტაპებია, სანამ მოხალისე უშუალოდ გაივლის მომზადების კურსს?
- რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე უშუალოდ ჩვენს ორგანიზაციაში მოსვლით ან დარეკვით. რეგისტრაციის შემდეგ მას დაუკავშირდებიან და შეუთანხმდებიან შეკრების დროზე და პირობებზე.
0
0