
Adidas-მა გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებს 44-ნომრიანი მაისურის ყიდვა აუკრძალა მას შემდეგ, რაც მედიამ დაადასტურა, რომ შრიფტით რიცხვი „44“ SS-ის (ნაცისტური გერმანიის გასამხედროებული ძალები) სიმბოლოს ჰგავს.
როგორც ცნობილია, SS-ის დანაყოფები ნაცისტების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე იყვნენ პასუხისმგებელი.
"ჩვენ დავბლოკავთ მაისურების პერსონიფიცირებას", - თქვა Adidas-ის წარმომადგენელმა.
ასევე, ახლადგამოშვებული სპორტული ფორმისთვის ექსკლუზიურ ფორმად ვარდისფერის შერჩევამ უთანხმოება გამოიწვია. სიმბოლიზმის საკითხი პირველად ისტორიკოსმა მაიკლ კონიგმა წამოჭრა, რომელმაც თქვა, რომ ნაკრების მაისურის დიზაინი "ძალიან სადავოა".
როგორც Adidas-ის წარმომადგენელმა, ოლივერ ბრუგენმა განაცხადა, 44-ნომრიანი მაისურები ონლაინ მაღაზიებშიც უახლოეს მომავალში დაიბლოკება.
”პერსონალიზაციის რეკომენდაციების ფარგლებში, სპორტულ ფორმაზე სიტყვების „ჰიტლერისა“ და „ფიურერის“ დაბეჭდვა უკვე აკრძალულია. ჩვენ, როგორც კომპანია, მზად ვართ დავუპირისპირდეთ ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს, ძალადობასა და სიძულვილს ნებისმიერი ფორმით,” - თქვა ოლივერ ბრუგენმა.
Adidas-მა BBC-ს განუცხადა, რომ 44-ნომრიანი მაისურების დიზაინი გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ (DFB) და მისმა პარტნიორებმა შექმნეს. Twitter/X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ დიზაინის საკითხი განსახილველად მაისური უეფას გადაეცა და „ვერც ერთმა ჩართულმა მხარემ ვერ დაინახა ნაცისტურ სიმბოლიზმთან მისი რაიმე მიხლოებითი მსგავსებაც კი“. ფედერაციის თქმით, ფეხბურთის ფორმისთვის ალტერნატიული დიზაინი - 4 ნომერი - შემუშავდება.
რაც შეეხება მაისურის ფერს - ღია ვარდისფერს - გერმანიის ნაკრების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს ფერი ქვეყნის მრავალფეროვნებას წარმოადგენს. თუმცა კრიტიკოსების მტკიცებით, ვარდისფერი არატრადიციულია და ის გერმანიის ფეხბურთის ასოციაციისთვის თანხების მოსაზიდად არის შერჩეული.
როგორც ცნობილია, Adidas-ი 1950 წლიდან აწარმოებს გერმანულ მაისურებს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია "არაპატრიოტიზმის" გამო გააკრიტიკა, რადგან ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას გერმანულ კომპანია Adidas-ზე, ამერიკული გიგანტის Nike-ის სასარგებლოდ, რომელიც ასევე 2027 წლიდან გერმანული ფეხბურთის ფორმების მწარმოებელია.
გერმანია წლევანდელ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც 10 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
0
0