09/05/2024
11:42
საზოგადოება
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა - 79 წელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და ფაშიზმზე გამარჯვებიდან.
1945 წელს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საომარი მოქმედებების დროს ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს – ომში საქართველოდან წასული 700 000 ადამიანიდან, თითქმის ნახევარი უკან ვეღარ დაბრუნდა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს – 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 70 პირს ჩაერიცხა. კერძოდ, 2000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 37-მა ვეტერანმა, ხოლო 1 000 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 33-მა წევრმა მიიღო.
"თბილისის მერიამ თანხა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
ამასთან, ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამაც. მათივე ცნობით, ანალოგიურ თანხებს, დედაქალაქის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებში, სოციალური მომსახურების სააგენტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე გასცემს.
0
0