
დღეს 9 აპრილია – ტრაგედიისა და გამარჯვების დღე. საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევიდან 35, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან კი 33 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი და ტრაგიკული მოვლენები დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე გარდამტეხად იქცა და ორი წლის თავზე ისტორიული რეფერენდუმის ჩატარებითა და უზენაესი საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით დასრულდა.
9 აპრილს რუსთაველის გამზირზე თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეას და ამ იდეით გაერთიანებულ მოქალაქეებს საბჭოთა ჯარმა ტანკები, ტყვიები, დაუდგენელი შემადგენლობის ქიმიური ნივთიერებები, რკინის ნიჩბები და ხელკეტები დაუპირისპირა. დაიღუპა 21, დაიჭრა, მოიწამლა და მძიმედ დაშავდა ათასობით ადამიანი.
35 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის….
0
0