
9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 1989 წლის 9 აპრილს აღსრულებულთა მოსახსენიებელ პანაშვიდზე ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, 9 აპრილს დაღუპულმა ძმებმა და დებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა.
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო, ბატონო ქალაქის მერო, პატივცემულო მთავრობის და პარლამენტის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამებო, ძმებო და დებო, 9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს თავის თავში დიდ მწუხარებასაც და დიდ სიხარულსაც. 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. ეს იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა.
საერთოდ, ცხოვრებაში არსებობს ორი გზა. ერთნი ყველანაირად ცდილობენ, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მიაღწიონ პირად ბედნიერებას და პირად კეთილდღეობას, ხოლო მეორენი ღვთის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის, ადამიანისადმი სიყვარულის გულისთვის ამაზე უარს ამბობენ. ეს არის ქრისტიანის გზა. მაშასადამე, არის თავის სიყვარულის გზა და თავდადებისა და თავგანწირვის გზა. 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა.
სწორედ ამიტომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ამ დღეს, გლოვის დღესთან ერთად, უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. მან ასევე ბრძანა, რომ „9 აპრილი თავისუფლებისაკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა“. ამ სწრაფვის გზაზე, რა თქმა უნდა, იყო ბევრი დაცემაც, ადგომაც, ღალატიც, ერთგულებაც, ომიც, მშვიდობაც, სიხარულიც და ა.შ. ამიტომ ჩვენ სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, რადგან დამოუკიდებლობა გულისხმობს მუდმივ ბრძოლას, შრომას და სირთულეების დაძლევას.
ამ თარიღიდან ზუსტად ორ წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის, რადგან ყველაზე მეტად მას საფრთხეს უქმნის ის ცოდვები, რომლებიც გავრცელებულია ხალხში, რის გამოც მადლი იკარგება და უფალი უშვებს ისეთ განსაცდელებს, როგორიც არის მტრების მიერ ტერიტორიების წართმევა, მოსახლეობის განდევნა, დემოგრაფიული კლება და ა.შ. ამას ხაზს უსვამენ როგორც ბიბლიის წიგნების ავტორები, დიდი წინასწარმეტყველები და წმინდანები, ასევე ამაზე ხშირად წერენ ქართველი მემატიანეები და, რა თქმა უნდა, თანამედროვე ეპოქის წმინდანებიც.
ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა მონათა და მხევალთა ღვთისათა, ჩვენი ძმების და დების, ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გააძლიეროს საქართველო და ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.
0
0