
85 წლის კაცი და მისი შვილი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გაძარცვეს - სასტიკი დანაშაული კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში, უსუფაშვილების ოჯახში მოხდა.
დაზიანებები აქვს მიღებული შვილს, დავით უსუფაშვილს, რომელსაც მკურნალობის კურსი ამ დრომდე უგრძელდება.
დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ავტომატითა და ხანჯლით შეიარაღებული პირები, ნიღბებით იყვნენ და მათი ვინაობა მისთვის უცნობია.
„ხუთნი იყვნენ, ერთი აივნის ქვეშ დადიოდა. ორი ჩემს შვილთან იყო, ორი ჩემთან შემოვიდა, ავტომატი ჰქონდათ და ხანჯლისმაგვარი რაღაც. ეგრევე ბალიშს ეცნენ, იარაღი თუ გაქვთო. ფულს ითხოვდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. ნიღბებით იყვნენ, მხოლოდ თავები უჩანდათ"- ჰყვება მამაკაცი.
არსებული ინფორმაციით, პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული შეიარაღებული დაჯგუფების არც ერთი წევრი, რომელიც სოფელ მაღაროში მცხოვრები უსუფაშვილების ოჯახში შეიჭრა.
ნიღბიანებმა ხანდაზმული მამაკაცი და მისი შვილი ჯერ დააბეს და სასტიკად სცემეს.
წაღებულია ძვირფასეულობა და კრედიტად აღებული, დაახლოებით 50 ათასი დოლარი.
0
0