
რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაახლოებით 8 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათგან 430 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უკრაინაში 7 938 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 10 897 დაიჭრა, 14-მა მილიონმა სახლი დაკარგა, 6.2 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა ქვეყნის შიგნით, 11.7 მილიონი ლტოლვილი გახდა და დროებითი თავშესაფარი მიიღო უკრაინის ფარგლებს გარეთ, 1.4 მილიონმა წყალზე წვდომა დაკარგა, 4.6 მილიონს შეზღუდული წვდომა აქვს წყალზე.
რადას ადამიანის უფლებათა კომისარი წერს, რომ 8.5 თვის განმავლობაში უკრაინაში 430 ბავშვი დაიღუპა, 827 დაიჭრა, 260 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, 10 570 დეპორტირებულია რუსეთში ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
0
0