
76 ხმით 13-ის წინააღმდეგ - ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა აღნიშნული პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
ამ წუთებში კი პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. რუსთაველზე გზა გადაკეტილია.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და დასკვნას სამი თვე დასჭირდება.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტით, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. აღნიშნული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
0
0