16/02/2023
13:34
მსოფლიო
ბრისტოლში, 76 წლის სტუდენტს, სახელად ნიკ ექსთენს, დოქტორის ხარისხი დოქტორანტურაში სწავლის დაწყებიდან 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მიენიჭა. დოქტორმა ნიკ ექსთენმა მათემატიკური სოციოლოგიის შესახებ სადისერტაციო თემაზე მუშაობა პიტსბურგის უნივერსიტეტში 1970 წელს დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა და, ამიტომ, ხუთი წლის შემდეგ, იგი დიდ ბრიტანეთში მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის გარეშე დაბრუნდა.
ბრისტოლის უნივერსიტეტმა ნიკ ექსთენს ფილოსოფიის დოქტორის წოდება მეუღლის - კლერ ექსთენისა და 11 წლის შვილიშვილის ფრეიას - წინაშე მიანიჭა. ნიკ ექსთენმა ფულბრაიტის პრესტიჟული სტიპენდია მოიპოვა, თუმცა, მისი თქმით, კვლევის პროცესი "განსაკუთრებით რთული" იყო.
"ზოგიერთი საკვლევი პრობლემა იმდენად დიდია, რომ მის გაანალიზებას ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი სჭირდება. ამ თემაზე ხანგრძლივად ვიფიქრე - 50 წელი დამჭირდა", - თქვა ექსთენმა.
დოქტორ ექსთენის კვლევა ახალ თეორიას მოიცავს, რომელიც ადამიანის ქცევას ეხება და ეფუძნება თითოეული ადამიანის ღირებულებებს. დოქტორ ექსთენის აზრით, ამ ღირებულებებს შეუძლია შეცვალოს ქცევის ფსიქოლოგიის ირგვლივ არსებული შეხედულება.
ახლა ნიკ ექსთენი ორი შვილის მამა და ოთხი შვილიშვილის ბაბუაა. მან ბაკალავრიატში სწავლა ლიდსში 1967 წელს დაიწყო.
მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში დოქტორ ექსთენი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის ოქსფორდის დაწყებითი სკოლის სასწავლო პროგრამის შემქმნელი და მთავარი ავტორია.
0
0