19/04/2023
13:12
პოლიტიკა
პოლიტიკური საბჭოს 73 წევრის მანდატი მთლიანად გადავეცით „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს და არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია აბსოლუტურად ყველას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით, 73 ოლქში ჩატარდება არჩევნები და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები აირჩევენ რაიონულ, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და პოლიტიკური საბჭოს წევრებს.
„უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და სხვადასხვა ქალაქში 45 ახალი ოფისი გახსნა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში. ვგულისხმობ ცხადია, ქალაქებს, რაიონებსა და დედაქალაქს. ანუ, საუბარია 73 საარჩევნო ე.წ ოლქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე, ყველა რაიონს, ყველა ქალაქს, ყველა მუნიციპალიტეტს, ანუ 73-ვეს ეყოლება პოლიტიკურ საბჭოში წარმომადგენელი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი 30 აპრილამდე შეიქმნება, რომელსაც დაევალება არჩევნებისთვის წესის შემუშავება და არჩევნების თარიღების გამოცხადება.
„შესაბამისად, 30 აპრილამდე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. მინდა, მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა თუნდაც ერთი აგურის დადება, 30 აპრილამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მოგვმართეთ წერილობით, რომ ჩაერთოთ სამუშაო ჯგუფში, ან გაქვთ რაიმე სხვა ინიციატივა. 30 აპრილიდან უკვე სამუშაო ჯგუფს დაევალება კონკრეტული თარიღების გამოცხადება, წესის შემუშავება, რათა ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველა მუნიციპალიტეტში არჩეული იქნენ ამომრჩევლების მიერ და არა დანიშნული პარტიის თავმჯდომარის ან სამდივნოს, ან პოლიტიკური საბჭოს მიერ ყველა ორგანიზაციის თავმჯდომარე. ცხადია, მათ ასევე წარმომადგენლობა ეყოლებათ პოლიტიკურ საბჭოში. პოლიტიკური საბჭოს 73 წევრის მანდატი მთლიანად გადავეცით „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს და აბსოლუტურად ყველას შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებს, გულშემატკივრებს როგორც არჩევნებში, ასევე სამუშაო ჯგუფში რომ იყვნენ წარმოდგენილი, ან აქვთ რაიმე ინიციატივა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0