05/09/2024
19:50
ეკონომიკა
საქართველოში ხიზილალის იმპორტი მცირეა. იანვარ-ივლისში 59 ტონა ხიზილალის შესაძენად ჯამურად 648 ათასი დოლარი გავიდა. აქედან 44 ათას დოლარად ზუთხის ხიზილალა, ხოლო დანარჩენი ხიზილალის შემცვლელებზე - ორაგულის ხიზილალასა და სხვა ხიზილალაზე მოდის.
2023 წლის 7 თვეში ამ დასახელების საქონლის იმპორტის ღირებულება 711 ათასი დოლარი იყო, მოცულობა კი 42 ტონამდე იყო. ანუ 2024 წლის ამავე პერიოდში იმპორტის ღირებულება შემცირდა, მოცულობა კი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საიმპორტო ბაზრებზე ხიზილალა გაძვირდა.
ხიზილალის იმპორტის მოცულობას თუ შევხედავთ, პროდუქტი ყველაზე მეტი რაოდენობით რუსეთიდან შემოვიდა, თუმცა იმპორტის ღირებულებით მოწინავე ჩინეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ხიზილალა უფრო იაფია, ვიდრე ჩინეთში. საქართველო ხიზილალას შემდეგი ძირითადი ქვეყნებიდან ყიდულობს:
- ჩინეთი - $239 ათასი, 11 ტონა;
- რუსეთი - $191 ათასი, 24 ტონა;
- ბელარუსი - $105 ათასი, 20 ტონა;
- პოლონეთი - $38 ათასი, 2 ტონა;
- საფრანგეთი - $23 ათასი - აქედან ძირითადად ზუთხის ხიზილალა შემოვიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდისთვის ხიზილალის ექსპორტი კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე იმპორტი და 1 ტონას მცირედით აღემატება. საქართველოდან იანვარ-ივლისში სულ 287 ათასი დოლარის ღირებულების ხიზილალა გავიდა, მაშინ როდესაც 2023 წლის ამავე პერიოდში ექსპორტი მხოლოდ 53 ათასი დოლარი იყო. საქართველოდან ხიზილალა ავსტრალიაში($187 ათასი), კანადაში ($33 ათასი), სინგაპურში ($32 ათასი), აშშ-ში ($23 ათასი) და უმნიშვნელო მოცულობებით ჰონკონგში, ტაილანდსა და მალაიზიაში გავიდა.
0
0