25/11/2024
14:07
სამართალი
7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.
სახელმწიფო ბრალმდებლების განმარტებით, საქმეზე ახალი გარემოებები გამოკვეთილი არ არის, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი იქნებოდა, შესაბამისად, პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო.
დაცვის მხარე ამ პოზიციას არ დაეთანხმა. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ყველა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივაციითაა დაწყებული, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმებულიყო.
მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარის, ნინო ელიეშვილის განმარტებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობით ის ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები არ შეცვლილა, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე, იმჟამინდელი ხელისუფლების დროს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე დაიკითხა. ასევე, საზოგადოებას მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
0
0