
ჟურნალისტი და პიარ-სპეციალისტი, თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მარიკა დარჩია სოციალურ ქსელში წერს:
"7 მაისიც დადგა …
ეს დღე ბედნიერების წვიმის დღეა.
ასეთი იყო ძველი თბილისის ლეგენდა, 7 მაისს, საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანზე და ეზოებში, მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. წვიმა აუცილებლად მოვიდოდა და ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ.
7 მაისის თბილისში თურმე ყოველთვის წვიმს... დაველოდოთ", წერს მარიკა დარჩია.
თბილისისთვის ძველად 7 მაისს ვინმეს ზემოდან დრონით რომ დაეხედა, ეს იყო ქოლგებით აჭრელებული, წვიმის მომლოდინე ქალაქი… თბილისური ტრადიციის მიხედვით, 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა, ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა.
არავინ იცის, კონკრეტულად საიდან იღებს სათავეს აღნიშნული ტრადიცია და რატომ აირჩია ქალაქის მოსახლეობამ მაინცდამაინც 7 მაისი. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეს ლეგენდა ქალაქში XIX საუკუნემდე უკვე არსებობდა.
ლეგენდა ქართულ ზეპირსიტყვიერებასაც შემორჩა. ხალხურ ლექსში ვკითხულობთ:
“შვიდი მაისის წვიმაო, თმა კოჭებამდინაო.
შვიდი მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო.
შვიდ-შვიდი ნაწნავი თმა თავზე დამეფინაო”.
ცნობისთვის, სინოპტიკოსების ვარაუდით დღეს დედაქალაქში იწვიმებს.
0
0