07/07/2023
12:50
საზოგადოება
7 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. იგი უფლის წინამორბედი იყო. ამ დღეს სრულიად საქართველოს ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა.
როგორც წმინდა სახარება (ლუკა 1, 5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი „იყვნეს... წინაშე ღმრთისა მართალ“, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე“. შეძრწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა.
ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმინდა ელისაბედი დაფეხმძიმდა, ხალხის დაცინვისთვის თავი რომ აერიდებინა, იგი „იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე“, სანამ შორეულმა ნათესავმა, ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა არ ჩამოაკითხა.
როცა „ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი... ესმა გარემოთა და ნათესავთა... და მის თანა იხარებდეს“. მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“.
ყველანი გაოცდნენ, - ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი და დაუკვირდა ესე ყოველთა“.
0
0