06/01/2025
23:05
საზოგადოება
მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი, მათ შორის საქართველო, 7 იანვარს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს. ამასთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება, ძირითადად, ღამისთევით სრულდება.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა სრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.
დღესასწაულის შემდეგ, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
მედიაჰოლდინგი “სივრცეები” ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ შობის დღესასწაულს!
0
0