
2008 წლის 7 აგვისტოს, 17:00 საათზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მითხრა, გავაკეთოთ განცხადება, რომ სიტუაცია დავამშვიდოთო, ოსებს მიმართეო, მაგრამ დღეს კიდევ რამე დარღვევა თუ მოხდება, ცხინვალში უნდა შევიდეთო. მე ვუთხარი, ზუსტად ამას ელოდებიან რუსები-მეთქი, გეგმა აქვთ, რა უნდა გააკეთონ ოსები ქართული ჯარის შემოსვლის შემთხვევაში, რომ ერთი დღე უნდა იომონ და მერე ჩამოვლენ, – ამის შესახებ 2006-2022 წლებში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საპასუხოდ უთხრა, „ნუ გეშინია, ყველაფერი შეთანხმებულია“.
„ყოველდღე გვქონდა ეჭვი, იყო თუ არა პერსპექტიული სამშვიდობო განწყობა და მშვიდობაზე იმედის დამყარება. ვცდილობდით, ყველაფერი ცუდი მიმართულებით არ წასულიყო. ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. ვერ გეტყვით, რომ ჩვენზე იყო დამოკიდებული შეწყვეტდნენ თუ არა სროლას. დაძაბულობას ისინი ქმნიდნენ, მაგრამ აქედანაც იყო პასუხი, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, ორივე მხარეს ხალხი ზიანდებოდა. იქიდან აგრესია მოდიოდა და საკადრისი პასუხი. კვირაში ერთხელ მაინც იყო კონფლიქტური სიტუაცია – სროლები, მკვლელობები, აფეთქებები, განცხადებები. ამირან მესხელს ვეუბნებოდი, თქვენ მაინც ნუ ესვრით-მეთქი ერთი დღე, იყო შეთანხმებაც, რომ კარგი, შევჩერდებითო. ვეხვეწებოდი, კამერები მაინც დავაყენოთ, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ისინი ისვრიან და ჩვენ გაჩერებული ვართ. არ მინდოდა, ეპასუხათ, რადგან ჩვენ ვიბრძოდით, რომ ხალხმა დაიჯეროს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის. ეს სროლები ნდობას ანგრევდა“, – განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.
მისი თქმით, 2008 წლის ივლისიდან უკვე ჩანდა, რომ დაძაბულობა პროგრესირებდა და არ გაჩერდებოდა.
„ივლისში ყველაფერი ძალიან ცუდად მიდიოდა. ვხედავდით, რომ ევროკავშირის ელჩებიც მიდიოდნენ, ცდილობდნენ, აქ კონფერენციები იმართებოდა, შეხვედრები, აფრთხილებდნენ, კითხულობდნენ, რა ხდება, მაგრამ უკვე არავინ იცოდა, იქ რა ხდება. გასაგები იყო, რომ კონფლიქტის აცილება ვერ მოხერხდება. პირველი აგვისტოდან გზები გადაიკეტა, იქით შესვლა ვერ შევძელი. 4 აგვისტოს ქურთაში მინდოდა შესვლა, არ გამიშვეს, ვერ შეხვალო, სიტუაცია ძალიან არის დაძაბულიო, ტირძნისი-ქურთას გზას ვეღარ ვაკონტროლებთო. ივლისი-აგვისტოს პერიოდში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრები მქონდა. 7 აგვისტოს 17:00 საათზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მითხრა, მეც გავაკეთებ განცხადებასო, რომ სიტუაცია დავამშვიდოთო და თქვენც მიმართეთ ოსებსო, მაგრამ დღეს კიდევ რამე დარღვევა თუ მოხდება, უნდა შევიდეთო. მე ვუთხარი, ზუსტად ამას ელოდებიან რუსები-მეთქი. გეგმა ჰქონდათ – ქართული ჯარი რომ შევა, რა უნდა გააკეთონ ოსებმა. მიშას ვუთხარი, ამას რუსები ელოდებიან. ყველაფერი შეთანხმებულიაო, ნუ გეშინიაო-მიპასუხა. ვისთან და რა იყო შეთანხმებული, ვერ ვიკითხე. შეიძლება, იქით მხარესთან ჰქონდათ, შეიძლება, მთავრობის შიგნით მიიღეს შეთანხმება, არ ვიცი, რას გულისხმობდა. რუსები ოსებს ეუბნებოდნენ, რა ექნათ ქართული ჯარისკაცები და ტანკები რომ შემოვლენ, ერთი დღე გვინდა, რომ იომოთო, მერე ჩვენც ჩამოვალთო. ეს ვუთხარი მიშას. შეიძლება, ამას უშიშროებაც ეუბნებოდა, კიდევ ვინმე, მთავრობაში ხომ იყვნენ, ყველა ერთ აზრზე ხომ არ იქნებოდა, ყველა ხომ არ ფიქრობდა, რომ უნდა შევიდეთ და ვიომოთ“, – განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.
მისი თქმით, დაახლოებით 12:00 – 01:00 საათი იყო, როდესაც ტელევიზიიდან გაიგო, რომ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
„მოვისმინე კულახმეტოვის, გენერალ ყურაშვილის განცხადებები, რომ ომი დაიწყო. 8 აგვისტოს დილის 06:00 საათზე ჩავედი გორში. ცხინვალიდან იყო ზარები, ხალხი ითხოვდა, ხომ არ შეიძლება, ცოტა შეაჩეროთ სროლები, რომ გამოვიდეთო. მივედი ვანო მერაბიშვილთან და ვთხოვე, იქნება რაღაც დროის განმავლობაში სროლა შევაჩეროთ-მეთქი, ხალხი რომ გამოვიდეს. ძალიან კარგიაო, ოღონდ უთხარიო, აქეთ წამოვიდნენო, ერგნეთის გზა გახსნილი იქნებაო. ზუსტად ეს განცხადება გავაკეთე და 15:00 – 18:00 საათამდე სროლა ნამდვილად იყო შეჩერებული. ხალხის ნაწილი გადმოვიდა. ვერ გეტყვით, რომ ჩემი განცხადება ცხინვალში ყველამ გაიგო – შუქი არ იყო, ტელევიზია არ იყო, სარდაფებში იყვნენ, მაგრამ სროლა შეჩერებული რომ იყო, ყველა გაქცევას ცდილობდა. ვანო მერაბიშვილი გორში ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის შტაბში იყო, კეზერაშვილთან ერთად, გარშემო ოფიცრები, გენერლებიც იყვნენ. კეზერაშვილთან კავშირი მანამდე არ მქონია და იქ ვნახე ადამიანი, რომელიც არაადეკვატური იყო, გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ნერვიულობდა. ერთ-ერთი ბრიგადა ცხინვალიდან უკან წამოვიდა, ვერ ჩაანაცვლეს. თავდაჯერებული, მშვიდი არ იყო, არ ჰქონდა გააზრებული, ფხიზელი გადაწყვეტილებები, უჭირდა გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.
მისი თქმით, თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება 2007 წელს ცხინვალში შესვლასთან დაკავშირებით ცხინვალში ძალიან ცუდად იქნა აღქმული.
„ხალხში ძალიან დიდი ზიზღი იყო ოქრუაშვილის მიმართ. არ მეგულებოდა ადამიანი, ვინც ირაკლის პატივს სცემდა. ძალიან ცუდი განცხადება იყო. რომ ჩამოვედი, ყველას ვუთხარი, რომ ასეთი რეაქციები იყო“, – განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.
0
0
რენესანსის ყველა-ფერი
02/06/2025