
გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის ტყეში 68 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული პირების ოჯახებმა სოფელი დატოვეს.
ადგილობრივების თქმით, ასეთი ფაქტი მათ სოფელში არასდროს მომხდარა და მსგავსი პირები მოსახლეობაში არ უნდა იყვნენ.
მათივე ცნობით, ერთ-ერთ ბრალდებულს, სანამ პოლიცია დააკავებდა, სოფლის მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.
ცნობისთვის, ლაგოდეხის რაიონში ორი ახალგაზრდა (მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია) 68 წლის მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა. ისინი აიძულებდნენ მამაკაცს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, კონკრეტული მოქმედებები განეხორციელებინა, ეს ყველაფერი კი ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
დაზარალებულის ოჯახი ვარაუდობს, რომ მოძალადეები მოხუცს ფულის გამოძალვის მიზნით გაუსწორდნენ. როგორც ისინი ყვებიან, მომხდარის შემდეგ მამაკაცი სახლში საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ დეტალების მოყოლა ვერ მოახერხა. როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, 68 წლის კაცს სახე მთლიანად დასისხლიანებული ჰქონდა. ამჟამად დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026