
ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება 59 წლის კაცი, რომელიც გუშინ ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების დროს და დაშავდა. ექიმების შეფასებით, მას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია.
ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული კიდევ 2 დაზარალებული - 30 და 39 წლის მამაკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ყველაზე მძიმე პაციენტი, 59 წლის კაცი ისევ რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება, კვლავ დამწვრობით შოკის მდგომარეობაში, თუმცა ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის სტაბილური. დანარჩენი 2 პაციენტი არის მოთავსებული დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს ჯერჯერობით," - აცხადებს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.
აფეთქების ხმა ავლაბარში გუშინ დღის 12:00 საათისთვის გაისმა, რასაც ძლიერი დაკვამლიანება მოჰყვა. ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ ერთი მამაკაცი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამი ადამიანი კი კლინიკაში რჩება.
0
0