15/07/2025
14:28

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავეცკი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადერფული, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბურდისი წერილით მიმართავენ ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს, გაფართოების საკითხებში ევროკომისარს მარტა კოსსა და ევროკომისარს შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერს.
წერილი მათ 15 ივლისის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს წინ გაუგზავნეს და სთხოვეს, რომ ვინაიდან "საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება საჭიროებს ევროკავშირის შემდგომ ერთობლივ მოქმედებას" საგარეო მინისტრების საბჭოს სხდომაზე, კომისიას, წარუდგინონ კონკრეტული ვადა (მაგ. 2025 წლის 30 სექტემბერი), რომლისთვისაც განახლდება საქართველოსთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
ამასთან წერილის ავტორები, წერენ, რომ მნიშვნელოვანია მკაფიო გზავნილის გაგზავნა როგორც "ქართულ ოცნებასთან", ასევე ქართველ ხალხთან, "რომ ამ რეკომენდაციების შეუსრულებლობა გამოიწვევს სავიზო შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას და მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მმართველ პარტიას. ჩვენი მოსაზრებით, სავიზო შეჩერების მექანიზმის ამოქმედება უნდა შეეხოს მხოლოდ შერჩეულ ქართველ ოფიციალურ პირებს – რომელთა განსაზღვრაც კომისიამ უნდა მოახდინოს – და არ დააზიანოს ყველა მოქალაქის ინტერესები ერთდროულად".
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დღეს 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე დაადასტურა, რომ განიხილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული “სერიოზული უკუსვლის” გამო.
რადიო თავისუფლება
0
0