04/08/2022
14:44
პოლიტიკა
მივმართავთ „ქართული ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული, ზემოხსენებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, რომელსაც ხელს 48 დეპუტატი აწერს. განცხადების ხელმომწერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს და ევროკავშირის ყოფილ ელჩს კარლ ჰარცელს.
„ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ვაღიარებთ რა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის უდიდეს დამსახურებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მათ უდიდეს დახმარებას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ხალხის სწრაფვაში, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წარმომადგენელი; ვეხმიანებით რა ქართველი ხალხის მყარად გამოხატულ ნებას, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რამაც ასახვა ჰპოვა საქართველოს კონსტიტუციაში; ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ.
აღნიშნული განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა „ქართული ოცნების" უმაღლესი პარტიული და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასულ, მაგრამ რეალურად ამ პოლიტიკური ძალის ორგანულ ნაწილად დარჩენილ, საქართველოს პარლამენტისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წევრების მხრიდან საქართველოში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ თავდასხმებში - თითქოს ისინი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ რუსეთის წინააღმდეგ და რადგან ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, თითქოს მათ ხელი არ შეუწყვეს საქართველოსათვის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს არ აწერენ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლები.
0
0