
ვინც არც ცხადდება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, 42-მუხლის მესამე პუნქტი ყველას ავალდებულებს, გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაზე.
„ერთი მუხლის – 78-ე მუხლის მიმართ აქვთ ხოლმე განსაკუთრებული ემოციური კავშირი ამ ადამიანებს, მაგრამ 78-ე მუხლამდე 77 მუხლი არის საქართველოს კონსტიტუციის, ამიტომ დაიწყონ თავიდან, სადღაც შუაში მივლენ 42-ე მუხლამდე და თუკი ასეთი პატივისცემა აქვთ კონსტიტუციური ვალდებულებების მიმართ, 42-მუხლის მესამე პუნქტი პირდაპირ ავალდებულებს ყველას, ვინც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიის მხრიდან, რომ გამოცხადდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შედეგებზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ იმ უცხოელ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, ვინც ოპოზიციის წარმომადგენლები წააქეზეს, რომ არ დაემორჩილონ კონსტიტუციას და კანონებს.
„რაც შეეხება ამ შედეგებზე პასუხისმგებლობას, მე ასე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანებმა პასუხისმგებელი პირები უნდა ეძებონ მათ ქომაგ უცხოელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებში, ვინც ოპოზიციის ეს წარმომადგენლები წააქეზეს და შეაგულიანეს, რომ მიდით, არ დაემორჩილოთ კონსტიტუციას, კანონებს, ძირი გამოუთხარეთ, არ აღიაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები და ჩვენ გვერდში დაგიდგებითო. ასე ამთავრებენ ისინი, ვინც დადიან უცხოების ჭკუაზე. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ ისინი, ვინც აქეზებენ სხვებს დანაშაულზე, თავად მშვიდად არიან და ადამიანებს უწევთ შემდეგ უკვე სასჯელის მოხდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0