14/12/2023
13:11
მსოფლიო
ახალი სამხრეთ უელსის უზენაესმა სასამართლომ 4 შვილის მკვლელობაში ბრალდებული ავსტრალიელის კეტლინ ფოლბიგის ნასამართლობა გააუქმა. კეტლინ ფოლბიგი ავსტრალიის ისტორიაში ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელ ქალად არის მიჩნეული.
სასამართლოს დადგენილებით, მტკიცებულებები, რომლებიც თავდაპირველად გამოიყენებოდა კეტლინ ფოლბიგის დასაპატიმრებლად, "არასანდო" აღმოჩნდა. შტატის მთავრობამ 56 წლის ფოლბიგი შეიწყალა და ივნისში, ციხეში 20 წლის გატარების შემდეგ, გაათავისუფლა. ფოლბიგის თქმით, მისი უდანაშაულობის მტკიცებულება "იგნორირებული იყო" ათწლეულების განმავლობაში.
”სასამართლომ ჩემი დადანაშაულება ამჯობინა, ვიდრე იმაში დარწმუნება, რომ ზოგჯერ ბავშვები მოულოდნელად და უბედური შემთხვევის შედეგადაც იღუპებიან. მადლობელი ვარ, რომ მეცნიერულმა კვლევამ და გენეტიკამ გამცა პასუხი იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიცვალნენ ჩემი შვილები. თუმცა, ჯერ კიდევ 1999 წელს არსებობდა სამართლებრივი პასუხები ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. [პროკურორებმა] ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოიღეს და ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს... იმედი მაქვს, რომ სხვას არასოდეს მოუწევს იმ ტანჯვის გადატანა, რაც მე განვიცადე”, - განაცხადა ფოლბიგმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.
ფოლბიგის საქმე მიჩნეულია, როგორც ავსტრალიის მართლმსაჯულების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა. საქმე ეხებოდა მისი ოთხი შვილის, კალების, პატრიკის, სარასა და ლორას სიკვდილს - თითოეული მათგანი, 1989-1999 წლებში, 19 დღიდან 18 თვემდე ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა განაცხადეს, რომ ფოლბიგმა ჩვილები გაგუდა.
გამოძიების წარმოება ირიბ მტკიცებულებებს - ფოლბიგის დღიურებს ეყრდნობოდა. ფსიქოლოგებს ან ფსიქიატრებს ჩანაწერები არასოდეს გამოუკვლევიათ, რაც დაადასტურებდა, რომ ფოლბიგი არასტაბილური და სასტიკი დედა იყო.
როგორც BBC-ი წერს, 2003 წელს, კეტლინ ფოლბიგს სარას, პატრიკისა და ლორას მკვლელობისა და კალების განზრახ მკვლელობისთვის 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით, სააპელაციო წესით, მისი სასჯელი 30 წლამდე შემცირდა. 2023 წლის დასაწყისში, მისი საქმის გამოძიების დასკვნით ეტაპზე დადგინდა, რომ მის ბრალეულობაში საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა. მეცნიერული დასკვნების მიხედვით, მისი შვილების გარდაცვალება შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო იშვიათი გენის მუტაციებთან, რომლის მატარებელი თავად ფოლბიგი აღმოჩნდა.
„ეს იყო ახალი მტკიცებულებების არსებითი და ვრცელი ნაწილი, რამაც განაპირობა ფოლბიგის გათავისუფლება ყველა ბრალდებისგან,“ - თქვა მთავარმა მოსამართლემ ენდრიუ ბელმა.
ფოლბიგის იურიდიული გუნდი მისი სახელით კომპენსაციას მოითხოვს, თუმცა თანხის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. სასამართლო საქმემ გლობალური ყურადღება მიიპყრო და შეიქმნა აზრი, რომ ავსტრალიის იურიდიული სისტემა მეცნიერების განვითარების დონის მიმართ ნელა რეაგირებს.
0
0