
თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დღესვე დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც გადაისინჯა.
საქმის პროკურორების თქმით, დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს, რადგან ბრალდებულებისგან არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხები. ადვოკატები კი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, დაკავებულებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ და გირაოს შეფარდება იშუამდგომლეს.
მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილის, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილის, გიორგი ტალახაძეს, ბექა მაჭავარიანს, მანუჩარ მიქელაძეს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს და კობა ეპიტაშვილს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
0
0