18/10/2024
23:26
სპორტი
საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში, რომელიც ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, ლატვიას უმასპინძლა და 4:4 დაასრულა.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ალექსანდრე იაშვილმა გაიბრწყინა – „ჯვაროსნების“ ყოფილმა თავდამსხმელმა პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, ერთი-ერთი გოლი განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა – მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ერთი გოლიც სანდრო კობახიძის ანგარიშზეა.
ჩვენი გუნდი პირველ ტაიმში 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ლატვიელთა თავდამსხმელმა ედგარს გაურაისმა შესვენებამდე ანგარიში 3:1 გახადა. მეორე ნახევარში ბალტიელები უფრო ენერგიულად გამოიყურებოდნენ, უპირატესობას ფლობდნენ და წინაც გავიდნენ. გაურაისმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი ორჯერ თავი ალექსანდრ ცაუნიამ გამოიჩინა – 3:4.
ვეტერანმა ქართველებმა თამაში მაინც გადაარჩინეს. ლევან კობიაშვილი ლატვიელებმა საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს, სტუმართა კარში დანიშნული პენალტი კი ქუთაისელი გულშემატკივრების კუმირმა, ზურაბ იონანიძემ უნაკლოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:4.
0
0