25/10/2022
13:14
მსოფლიო
30 კონგრესმენი მოუწოდებს ჯო ბაიდენს, მოლაპარაკებები გამართოს ვლადიმერ პუტინთან. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
წერილი თეთრ სახლში გადააგზავნეს.
„როგორც კანონმდებლები, რომლებსაც პასუხისმგებლობა გვეკისრება ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ათობით მილიარდი დოლარზე, რომელსაც აშშ სამხედრო დახმარებაში ხარჯავს, მივიჩნევთ, რომ ამგვარი ჩართულობა ამ ომში ასევე აკისრებს პასუხისმგებლობას აშშ-ს, სერიოზულად განიხილოს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის პირდაპირი ურთიერთქმედება რუსეთთან“, – ნათქვამია დემოკრატი კონგრესმენების წერილში.
წერილში ნათქვამია, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებს აქვს პოტენციალი, შეამციროს ზიანი და მხარი დაუჭიროს უკრაინას მშვიდობიანი დარეგულირების მიღწევაში.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისადმი გაგზავნილ ამ მიმართვას ხელს აწერენ კანონმდებლები, როგორებიც არიან ილჰან ომარი, ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, რაშიდა თლაიბი და სხვები.
კანონმდებლები მოუწოდებენ თეთრ სახლს, განიხილოს მიდგომა, რომელიც მოიცავს „ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ ინიციატივებს, მათ შორის სანქციების შემსუბუქების გარკვეულ ფორმას, ისევე როგორც საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მხარისთვის მისაღებ უსაფრთხოების გარანტიებს დამოუკიდებელი და თავისუფალი უკრაინისთვის.
თეთრ სახლში კონგრესმენების წერილს გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების გამართვის დრო უკრაინის პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს.
„პრეზიდენტი ზელენსკი მიიჩნევს, რომ ახლა არ არის დრო ბატონ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად, ჩვენ ფოკუსირებულნი ვიქნებით, რათა ზელენსკიმ და მისმა ჯარმა მიაღწიონ წარმატებას ბრძოლის ველზე, იმისთვის რომ როდესაც მაგიდასთან დასხდომის დრო მოვა, ზელენსკიმ წარმატების მიღწევა შეძლოს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.
ამასთან, როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, კონგრესის შუალედური არჩევნებისა და პოტენციურად რთული ზამთრის წინ, როგორც დემოკრატიულ, ისე რესპუბლიკურ პარტიაში, უკრაინის საკითხზე უთანხმოების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა მიუხედავად ამისა, კონგრესში დარწმუნებულები არიან, რომ შეძლებენ იმ მხარდაჭერის შენარჩუნებას, რაც მომდევნო თვეებში მისცემს აშშ-ს შესაძლებლობას, უკრაინის სამხედრო დახმარება გააგრძელოს.
გასულ კვირას, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერმა, კევინ მაკარტიმ თქვა, რომ ის მოელის სირთულეებს უკრაინისთვის შემდგომი დახმარების დამტკიცების პროცესში, თუ „რესპუბლიკელები“ შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაიბრუნებენ. თუმცა, სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ის კიევისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას მხარს უჭერს.
0
0