
12 მარტს, საღამოს ტრაგედია დატრიალდა ბათუმის ბულვარში, სადაც 10 წლამდე ბავშვი სასიკვდილოდ დაშავდა – მოზარდი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა.
კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. 3 წლის ბიჭის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
როგორც “კვირის პალიტრასთან” ბათუმის მკვიდრი ამბობს, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი უკრაინიდან არის ლტოლვილი. მისი თქმით, მეორე დაშავებული გარდაცვლილის უმცროსი ძმაა.
“ქართულ-უკრაინული ოჯახია, ბავშვებს მამა ქართველი ჰყავთ, დედა კი – უკრაინელი. უკვე წლებია ბათუმში ცხოვრობენ, საქართველოს მოქალაქეები არიან. სამწუხაროა, რომ ასეთი საშინელება მოხდა, უმცროსი ძმის, 3 წლის ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობაც კვლავ მძიმეა, უფლის წყალობით, იმედია ყველაფერი კარგად იქნება”, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.
ცნობისთვის, ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი გადააბრუნა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ.
მომხდარის გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ამავე საფუძვლით, 64 წლის ე.ა. დააკავეს. მისდამი წარდგენილი ბრალდებით, დაკავებული პასუხისმგებელი იყო აღნიშნული ბატუტის უსაფრთხოებასა და წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.
წყარო: კვირის პალიტრა
0
0