
საქართველოში 28 თებერვალს და 1-2 მარტს, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ჰაერის ტემპერატურა დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე დაიკლებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში – ზვავსაშიშროება.
„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ, შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს. საფრთხის დონე მაღალი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0