
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები განაგრძობენ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, თუმცა ამ იდეას ევროკავშირის მხოლოდ ერთი წევრი, უნგრეთი, არ ეთანხმება.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა. განსხვავება ისაა, რომ 26 წევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაა. უნგრეთი ამ კონსენსუსისგან იზოლირებულია. ის მარტო დგას, თუმცა ერთი ქვეყანა ვერ შექმნის განხეთქილებას. 26 ქვეყანა რჩება საერთო პოზიციაზე და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც ამას პირველივე დღიდან ვაკეთებდით, 2022 წლის 24 თებერვლიდან. ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა კოშტამ.
ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს თავდაცვაზე მეტი თანხის გამოყოფის გეგმებს, რაზეც ბრიუსელში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ. ამასთან, ევროპული საბჭო უკრაინასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს, რომ ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30.6 მილიარდ ევროს გამოუყოფს, თუმცა აღნიშნულ დასკვნას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მხარი არ დაუჭირა.
0
0