28/09/2024
13:34
არჩევნები 2024
26 ოქტომბერს ამ მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით - ჩინური, მაგრამ რეპუტაციული კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს, რომელიც ევროპას და აზიას დააკავშირებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 4 წლის წინ, „ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ეს პროექტი მოკლა“ და ამით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პერსპექტივა დააკარგვინა.
„4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოკლა საუკუნოდ წოდებული პროექტი, რომელსაც ჩვენი ყველა მოქალაქე გულის ფანცქალით ელოდებოდა. ეს პროექტი - პირველი ღრმაწყლოვანი პორტი, იქნებოდა აბსოლუტურად ახალი ისტორიის დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის. სამეგრელოს და მთლიანად საქართველოსთვის, გაძლიერების, ეკონომიკური სიმდიდრის და რაც ყველაზე მთავარია, ასი ათასობით სამუშაო ადგილის შექმნის გარანტი. დღეს აქ სიცარიელეა, არაფერი არ ხდება იმიტომ, რომ 4 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ეს პროექტი მოკლა. მან ჩაატარა სპეცოპერაცია იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩაერთო ამ პროექტის გასანადგურებლად. 2020-ში ჩვენ პირველი გემი უნდა მიგვეღო. ყველაფერი მზად იყო - ინვესტიცია, მობილიზებული კონტრაქტორები, უცხოელები, დღეს რა ხდება- დღეს სიცარიელეა და არანაირი სამუშაო ადგილი არაა. რაც ყველაზე მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას დააკარგვინა ის პერსპექტივა და მომავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ უამრავ სამუშაო ადგილს და ეკონომიკურ სიმდიდრეს მოუტანდა, არამედ იქნებოდა ერთ-ერთი მძლავრი ბიძგი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის. ასე მჯერა და აუცილებლად ასე იქნება. პროექტი, რომელიც გაჩერებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და ტყუილი, რომელშიც ბოლო 12 წლის განმავლობაში გვაცხოვრებენ (100 ქარხნის აშენება - აშენებულია ნული; უზარმაზარი დაპირისპირებები - არაფერი შესრულებულა) არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ მართავს „ქართული ოცნება“ ჩვენს ქვეყანას.
როგორ შეიძლება ააშენო პორტი, როდესაც რკინიგზა და მაგისტრალი არაა მოყვანილი ანაკლიამდე; როგორ შეიძლება რამეზე ისაუბრო, როდესაც უბრალოდ მოსასვლელი არ არსებობს. დღეს ქართული ოცნება“ ჩინურ კომპანიას ესაუბრება. კომუნისტური პარტიის დაქვემდებარებაში მყოფ ჩინურ კომპანიას, რომელიც უამრავ სკანდალშია გახვეული. ამ დროს ჩვენი დასავლელი პარტნიორები - ამერიკელები და ევროპელი, ქართველი ინვესტორები უბრალოდ გაყარეს აქედან. როგორც კი, 26 ოქტომბერს ყველა ერთად ამ მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ, სასწრაფოდ დაიწყება ამ პორტის მშენებლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ჩინური, მაგრამ რეპუტაციული კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს, რომელიც ევროპას და აზიას დააკავშირებს. გავხდებით მძლავრი შუა მაგისტრალი, ქვეყანა, რომელსაც ფუნქცია ექნება. ამ პორტის და სხვა მეგა პროექტების მშენებლობით, ქალაქ ანაკლიის მშენებლობით ათი ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით, რომელიც გააძლიერებს ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ახალგაზრდობას. გარწმუნებთ, როგორც კი ეს პროექტი დაიწყება, მუშა ხელი და მოსამსახურეები არ გვეყოფა, რომ დავაკმაყოფილოთ, იმდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, რომელსაც ძლიერი საქართველო ჰპირდება ჩვენს მოქალაქეებს, აქედან დაიწყება. ანაკლიის პორტის და ანაკლიის ქალაქის პროექტით. ისევე როგორც ქუთაისში უზარმაზარი ცენტრის მშენებლობით, აეროპორტის გარშემო და ყველა მუნიციპალიტეტში IT სკოლების მშენებლობით და ამ განათლების სისტემის მთლიანად შეცვლით. მინდა, ყველას მოგიწოდოთ, „ძლიერი საქართველო“, დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, პროფესიონალი ადამიანებით, შეასრულებენ ყველა ამ პირობას და ვიქნები ერთ-ერთი პირველი, რომელიც თქვენთან ერთად ამ ოცნებას აუსრულებს საქართველოს. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პერსპექტივა დაუჭირეთ მხარი ქართულ, ნამდვილ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართველ ხალხს ემსახურება, სახელად „ძლიერი საქართველო“, ნომერი 9 და ჩვენ ნამდვილად შევქმნით ძლიერ საქართველოს უამრავი სამუშაო ადგილით და უზარმაზარი პერსპექტივით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
0
0