27/05/2023
23:52
პოლიტიკა
დამოუკიდებლობის დღეს პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან კარგი, პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან დისონანსში მოვიდა ამასთან და ვფიქრობ, ეს არ იყო შესაფერისი, – ამის შესახებ ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„დამოუკიდებლობის დღეს პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან კარგი – ევროპისკენ სწრაფვა, მშვიდობა, მკაფიოდ გამოთქმული სურვილი, რომ მიგვიღეთ ევროკავშირში, დიდი სურვილი გვაქვს ამის, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ევროკავშირი და ნატო და ასეთი რაღაცები. ძალიან კარგი პათოსი იყო და ამასთან პრეზიდენტის გამოსვლა დისონანსური იყო, დისონანსში მოვიდა და ვფიქრობ, არ იყო ეს შესაფერისი. შესაძლოა, ასეთი გამოსვლა საპარლამენტო დებატებში ყოფილიყო მისაღები, მაგრამ ასეთ ლამაზ დღეს, როცა სიტყვა ითქვა ისეთი, სადაც ძალიან მკაფიოდ გამოითქვა, რომ საქართველოსთვის ევროპა მართლა კარგია, რომ ეს არის დიდი ოცნება, რაც ქართველს აქვს, გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი და ა.შ., ამაში გამოსაკიდი არაფერი არ იყო. პირიქით, შეიძლება, მხოლოდ მოგწონებოდა და ამასთან ასე მკაფიოდ დაპირისპირებაში მოსვლაში ვერ დავინახე რაღაც რაციონალობა“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ასეთი გამოსვლა საქართველოს ანტირეკლამაა.
„ამას ხომ ისმენენ ევროპელები, მაგალითად, ევროპარლამენტარი და ფიქრობს, აჰა, ე.ი. მართლა რაღაც არის, გულწრფელი არ არის საქართველოს მთავრობა, პრეზიდენტმა ხომ იცის და ა.შ. მაშინ, ეს ძალიან მძლავრი ანტირეკლამა გამოდის და შეიძლება, ეს მართლაც არ უწყობდეს ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ათი დეპუტატიც თუ სხვადასხვა აზრზე დადგა, შეიძლება, ამან გამოიწვიოს ამ არჩევანის ისევ ჩავარდნა, მთელი თავისი შედეგებით“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
როგორც გიგინეიშვილმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას აწყობს, თუ კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი ჩავარდა.
„რადიკალურ ოპოზიციას აწყობს ეს, მის წისქვილზე ასხამს წყალს. ვფიქრობ, მათ სურთ, საქართველო არ მიიღონ კანდიდატად, ამით გავლენა მოახდინონ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და რევოლუციური პროცესები დაიწყონ. ამას ღიადაც ამბობენ“, – აღნიშნა გიგინეიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ საქართველოს სურვილია, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, რაც პრემიერ-მინისტრის სიტყვაში ძალიან მკაფიოდ იყო გამოხატული.
„საქართველოს მთავრობას ძალიან დასწყდა გული, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. როგორ შეიძლება, პრორუსული იყო და თან გული დაგწყდეს ამის გამო? ეს აბსურდია, ორივე ერთად ვერ მოთავსდება, ან ერთია, ან მეორე. ვფიქრობ, საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას რეალურად უნდა და ძალიან გაუხარდება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. ეს პრემიერის სიტყვაში ძალიან მკაფიოდ იყო გამოხატული. თან, ეს მარტო ერთი ხელისუფლების იდეა არ არის, ეს არის ზოგადად ქართველი ერის დიდი არჩევანი, განსაკუთრებით, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
გიგინეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მცდარია განცხადებები, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ევროპის წინააღმდეგ საუბრობს.
0
0