1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა.
გოლოვინის გამზირზე (ამჟამინდელი რუსთაველი), კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (ამჟამინდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე), თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა.
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დღეს, 26 მაისს, იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა.
სხდომა გაიხსნა 16:50 საათზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 17:10 საათზე ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.
სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
1919 წლის თებერვალში საქართველოში პირველი საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია საქართველოს დამფუძნებელი კრება. საკანონმდებლო ორგანოში ოთხი პარტია მოხვდა.
დეპუტატებს შორის ხუთი ქალი იყო - ელისაბედ ნაკაშიძე - ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი, მინადორა ორჯონიკიძე - ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე და ქრისტინე შარაშიძე.
დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა 1919 წლის 12 მარტს გაიმართა. ამ პირველივე სხდომაზე, დამფუძნებელი კრების წევრებმა დაადასტურეს 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობა.
არასრული სამი წლის შემდეგ, 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა.
1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
ფოტო: ეროვნული არქივი
0
0