
ახლო აღმოსავლეთიდან, რეგიონში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, საქართველოში მეორე ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა. თვითმფრინავი საუდის არაბეთის დედაქალაქიდან თბილისში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
საქართველოს 171 მოქალაქე, რომელიც მიმდინარე მოვლენების გამო დაბრუნებას ვერ ახერხებდა, უკვე სამშობლოშია.
კიდევ ერთი ჩარტერული რეისი ამჯერად მუსკატიდან დღეს გვიან ღამით იგეგმება.
ჩარტერული რეისთ ჩამოფრენილი მგზავრი, თამარ იაძე საელჩოს ყურადღებისთვის მადლობას უხდის.
"ბოლომდე გადაწყვეტილი არ გვქონდა წამოსვლა, მაგრამ საელჩოდან მოვიდა ელჩი სასტუმროში, ადამიანურად გვესაუბრა, აგვიხსნა, რომ საშიში იყო იქ დარჩენა და ჯობდა, რომ წამოვსულიყავით ყველა. ჩვენი სურვილის მიხედვით უნდა გადაგვეწყვიტა. გზა იყო რთული, 25 საათი მოვდიოდით, თან ბავშვებით ვიყავით და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მთავარია, მშვიდობით დავბრუნდით. მადლობა საელჩოს, რომ ასე უსაფრთხოდ ჩამოგვიყვანა", - განაცხადა თამარ იაძემ.
კიდევ ერთი მგზავრის, ნანა ბარნაბიშვილის თქმით, გამოფრენამდე კატარში საქართველოს ელჩი ყველას ესაუბრა, დაამშვიდა და ქვეყანაში გამგზავრება შესთავაზა.
"171 კაცი ვიყავით, როგორც ვიცი. 25 საათი ვიყავით გზაში. ჩვენი ელჩი ჩაერთო, ადგილზე მოვიდა ვაკო ავალიანი, ყველას ესაუბრა, სათითაოდ ყველა ადამიანი დაამშვიდა. გამოგვაცილეს კატარიდან, სანამ საუდის არაბეთში გადმოვიდოდით. საუდის არაბეთშიც დაგვხვდნენ წარმომადგენლები, კონსული. წარმომადგენლები აქტიურობდნენ, 2-3 კაცი ადგილზე იყო და თუ სადმე რამე იყო საჭირო, გვეხმარებოდნენ", - განაცხადა ნანა ბარნაბიშვილმა.
კიდევ ერთი მგზავრი, ირმა კიკნაძე განმარტავს, რომ საქართველოში გამომგზავრებამდე მათ უსაფრთხოებაზე საელჩო ზრუნავდა.
"მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ვინც დაგვეხმარა, მთავრობიდან დაწყებული ჩვენი ელჩებით დამთავრებული. დაძაბული იყო სიტუაცია, მაგრამ დიდი ყურადღება მოგვაქცია საელჩომ, სასტუმროში ვიყავით უზრუნველყოფილი და მერე გამოგვამგზავრეს", - განაცხადა ირმა კიკნაძემ.
0
0