18/04/2023
17:41
საზოგადოება
ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლებმა დავით კეზერაშვილის მიერ არხის საკონტროლო პაკეტის ნახევრის კოლექტივისთვის გადაცემაზე ისაუბრეს.
არხის დამფუძნებლებმა: ზუკა გუმბარიძემ, გიორგი ლიფონავამ და მიშა მშვილდაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განმარტეს, რომ კონსულტაციების შედეგად შეიქმნება მოდელი და პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე.
გუმბარიძის თქმით, ეს ნაბიჯი შექმნის დამატებით იურიდიულ გარანტიას, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა იქნება ხელშეუხებელი.
"ცხადია, ჩვენ ვგრძნობთ ანგარიშვალდებულებას, პირველ რიგში, ჩვენი მაყურებლის და საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, მინდა მეტი სიცხადე შევძინო იმ განცხადებას და უფრო კარგად განვმარტო, რათა კითხვები, რაც გაჩნდა იყოს პასუხგაცემული ჩვენი მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ფორმულა დაფუძნდა ფორმულა კრეატივისა და დავით კეზერაშვილის პარტნიორობის შედეგად, 49%-ს ვფლობდით ჩვენ, ხოლო 51%-ს ფლობდა დავით კეზერაშვილი. დღეს მან მიიღო გადაწყვეტილება, ცხადია ჩვენთან კონსულტაციების შედეგადაც, მისი გადაწყვეტილებით, ის წილის ნახევარს გადასცემს ფორმულას კოლექტივს და ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში იქნა მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, აქ დასაქმებულმა ყველა ადამიანმა იცის, ფორმულას სარედაქციო პოლიტიკას განვსაზღვრავდი მე, როგორც არხის გენერალური დირექტორი, მენეჯმენტი, ასევე ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც აქ მუშაობს, ამის გარდა, გვინდა დამატებითი იურიდიული ჩარჩოც იქნას შექმნილი იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მერე გამორიცხული იყოს ერთი დამფუძნებლის მხრიდან კომპანიაში საკონტროლო წილის ფლობა ან ერთპიროვნულად სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობაც კი.
25% გადაეცემა ფორმულელებს, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კარგად იცნობთ ეკრანებიდან და იქნებიან ადამიანები, რომლებიც არიან ხოლმე, დგანან კადრს მიღმა, თუმცა უზარმაზარ როლს თამაშობენ იმაში, რომ ფორმულა იყოს ეთერში, მაუწყებლობდეს იმ ფორმით, რითაც მაუწყებლობს, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო და ამის გამოცდილება არ არსებობს, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ზუსტი მოდელი და არ ვიცით ადამიანების ზუსტი სია, თუმცა კიდევ ვამბობ, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, შესაბამისად, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, მაგრამ პრინციპი იქნება ისეთი, რომ პროცესი იქნება ინკლუზიური, მასში დამფუძნებელი გახდება ბევრი ადამიანი და ეს ადამიანები შექმნიან ორგანიზაციას, სადაც ისინი აირჩევენ თავმჯდომარეს, იმ ადამიანს, ვინც იქნება წარმოდგენილი ფორმულას მმართველ ორგანოში და ფორმულებების პოზიცია იქნება ყველა დონეზე გაჟღერებული და გათვალისწინებული.
დღეიდან, ვერც ერთი ერთი ცალი დამფუძნებელი ვეღარ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არხზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმულას აქამდეც ჰქონდა სარედაქციო პოლიტიკა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთ დამატებით იურიდიულ გარანტიასაც შექმნის, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა იქნება ხელშეუხებელი და მას კვლავაც განსაზღვრავენ ის ადამიანები, ვინც უნდა განსაზღვრავდეს სარედაქციო პოლიტიკას.
ფინანსურად მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში არც ერთი არხი არ არის თვითკმარი და გამონაკლისი არც ფორმულა არ არის, შესაბამისად, დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილება არის ის, რომ კვლავაც გააგრძელებს არხის ფინანსურ დახმარებას, დეფიციტს, რომელიც არის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, ის კვლავ გააგრძელებს ამ ხარჯების შევსებას ტელეკომპანიისთვის. შესაბამისად, ამ დეტალებზე კიდევ უფრო მეტი სიცხადით, მეტ დეტალს მოგიყვებით უკვე დღესაც, თამარ ბაღაშვილის ღამის კომენტარში, სადაც ფორმულას დამფუძნებლები და ფორმულას სახეები იქნებიან ეთერში ჩემთან ერთად, იქაც მოვყვებით, განვმარტავთ და ზოგადად, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, პროცესში გვინდა ჩაერთონ ყველა სუბიექტები, ვინც დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი მედია, ისმოდეს კრიტიკული აზრი, შესაბამისად, გავმართავთ კონსულტაციებს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე ცხადია ინფორმაციას მივაწვდით საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს და პროცესი იქნება გამჭვირვალე, შესაბამისად სიახლეებსაც გაგაცნობთ იმ წამში, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა გუმბარიძემ.
ცნობისთვის, დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია ფორმულას საკონტროლო პაკეტზე, 51%-ზე უარს ამბობს და წილის ნახევარს კოლექტივს გადასცემს. მისივე თქმით, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ ტელეკომპანიის კოლექტივს დარჩენილ წილსაც გადასცემს.
0
0