08/01/2023
19:42
მსოფლიო
უახლოეს კვირებში, ბოლო 50 000 წელიწადში პირველად, ახალაღმოჩენილი კომეტის დანახვას შეუიარაღებელი თვალით შეძლებთ.
კომეტას C/2022 E3 (ZTF) დაერქვა “Zwicky Transient Facility”-ს საპატივცემულოდ, სადაც ის პირველად გასულ მარტს იუპიტერის ჩავლისას შეამჩნიეს.
მზის სისტემის ყინულოვანი კიდიდან მოგზაურობის შემდეგ, კომეტა მზესთან ყველაზე ახლოს 12 იანვარს აღმოჩნდება, ხოლო დედამიწას 1 თებერვალს ჩაუვლის. კომეტის დანახვას ბინოკლით უფრო მარტივად შეძლებთ, თუმცა თუ ქალაქების ნათებების გამო ან მთვარის შუქით ცა ძალიან განათებული არ იქნება, კომეტას უდურბინდოთაც დაინახავთ.
ნიკოლას ბივერის, პარიზის ობსერვატორიის ასტროფიზიკოსის, თქმით, კომეტა ყინულისა და მტვრისგან შედგება, მომწვანო აურა აქვს და დიამეტრში 1 კილომეტრია. უკანასკნელი კომეტა, რომლის დანახვასც ასევე შეუიარაღებელი თვალით შეიძლებოდა, NEOWISE 2020 წლის მარტში გამოჩნდა და მისი დიამეტრი 60 კილომეტრი იყო. NEOWISE-თან შედარებით, ახალი კომეტა ბევრად პატარაა, მაგრამ ვინაიდან ის დედამიწას მეტად მოუახლოვდება, პატარა ზომის მიუხედავად კარგად შევავლებთ თვალს.
ჩრდილოეთ ჰემისფერისთვის, ანუ საქართველოსთვისაც, კომეტა იანვრის ბოლო კვირაში იქნება ყველაზე თვალსაჩინო, როდესაც ის მცირე და დიდი ურსას შორის ჩაივლის. 21-22 იანვარს, ცაში აიხედეთ და იქნებ გამოიჭიროთ კომეტა.
“უცხო სტუმარი”
კომეტას თავისი არსებობის უმეტესი ნაწილი დედამიწისგან დაახლოებით 370 მილიარდი კილომეტრის დაშორებით აქვს გატარებული, რომელიც დედამიწასა და მზის შორის მანძილს 2 500-ჯერ აღემატება.
კომეტა სავარაუდოდ ორტის ღრუბელში წარმოიშვა, მზის სისტემის გარშემო სფეროში, რომელიც ყინულოვანი ობიექტების წარმოქმნის ადგილს წარმოადგენს.
ბოლოს კომეტამ დედამიწას ზედა პალეოლითის ხანაში ჩაუფრინა, როდესაც დედამიწაზე ნეანდერტალელები დააბიჯებდნენ. ბივერი ამბობს, რომ შეიძლება ამ სტუმრობის შემდეგ, კომეტამ მზის სისტემა სამუდამოდ დატოვოს.
ამ მოვლენას ჯეიმს ვების ტელესკოპიც დააკვირდება. ის ფოტოებს არ გადაიღებს, მაგრამ მის შემადგენლობას გამოიკვლევს. ბივერის თქმით, ეს ჩვენი სისტემის მიღმა კომეტებზე მოგვაწვდის ახალ ინფორმაციას.
წყარო: Phys.org
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0