
ევროპული კლიმატის ობსერვატორია Copernicus-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აგვისტო დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე აღმოჩნდა და 2023 წლის ივლისის რეკორდი გაიმეორა.
გასულ თვეს ჰაერის გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ 16.96°C-ს მიაღწია, რაც 1.65°C-ით აღემატება ინდუსტრიამდელ საბაზისო პერიოდს (1850-1900 წლები).
ამასთან, აგვისტო გახდა პირველი თვე 2025 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც ტემპერატურამ პარიზის კლიმატის შეთანხმებით განსაზღვრულ 1.5°C-იან ზღვარს გადააჭარბა.
Copernicus-ი აღნიშნავს, რომ გლობალური დათბობის გამო, რეკორდი მოხსნა ოკეანეების საშუალო ტემპერატურამაც. საშუალო ტემპერატურამ 21.07°C შეადგინა, რაც აგვისტოსთვის ოდესმე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს და 2023 წლის რეკორდს აჭარბებს.
"2026 წლის აგვისტო გლობალური კლიმატის ისტორიაში გამორჩეული თვე იყო. ეს იყო როგორც ყველაზე თბილი აგვისტო, ისე ზოგადად დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე", - განაცხადა საშუალოვადიანი ამინდის პროგნოზების ევროპული ცენტრის (ECMWF) კლიმატის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა სამანტა ბერჯესმა.
უშუალოდ ევროპის კონტინენტისთვის ეს მონაცემები დასავლეთ ევროპაში ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხულის დასასრულს ასახავს. ხანგრძლივი, ინტენსიური და ადრეული სიცხის ტალღები აქ ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. რეგიონში 2026 წლის ზაფხულმა 2003 წლის ანალოგიური პერიოდის რეკორდი მოხსნა.
მიმდინარე წლის აგვისტოში ევროპის ხმელეთზე საშუალო ტემპერატურამ 20.26°C შეადგინა. Copernicus-ის ცნობით, გასული თვე ისტორიაში მეოთხე ყველაზე თბილი აგვისტო გახდა.
კონტინენტი მასშტაბურმა გვალვამაც დააზარალა - წყლის დონე საგრძნობლად შემცირდა ისეთ მდინარეებში, როგორიცაა რაინი, დუნაი, ვისლა, რონა და პო. ჩვეულებრივზე მშრალმა კლიმატურმა პირობებმა ევროპის რამდენიმე რეგიონში მრავალი ტყის ხანძარიც გამოიწვია.
0
0